ბიყარის ციხე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი გორის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზემო ბიყარის მახლობლად, მდ. მეჯუდის ხეობაში.
შედგება ორი სამშენებლო ფენისაგან. თავდაპირველად აქ, მთის ფერდობზე, ზურგიანი კოშკი იდგა, XVIII ს-ში ტრაპეციის მოხაზულობის ციხე აუშენებიათ, მაგრამ კოშკი მხოლოდ ერთ კუთხეში – სამხრ.-აღმ-ით დაუდგამთ. ზურგიანი კოშკი, რ-იც ჩრდ. კედლის პირისპირ აღმოჩნდა, ციხის ფარგლებში კი არ მოუქცევიათ, არამედ მთლიანად მის გარეთ დაუტოვებიათ, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კვადრატული გალავნის ფლანკირებისათვის. ახ. კოშკი მრგვალია, მაგრამ შიგნით კვადრატული ოთახები აქვს. ასეთი რამ XVIII ს-ში ხშირია (ქსოვრისი, ბელოთი და სხვ.). ციხის კედლები, რ-თაც შიგნით ხის საბრძოლო ბილიკი გასდევდა, სიმაღლით დაახლ. 5 – 6 მ უნდა ყოფილიყო.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., XVI – XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1983; З а к а р а я П., Крепостные сооружения Картли, Тб., 1968.
პ. ზაქარაია