ბიჭვინთა

ბიჭვინთა, დაბა (1963-იდან) გაგრის მუნიციპალიტეტში, (აფხაზეთია არ), დაბის ტერიტ. ორგანოს ცენტრი. კლიმ. კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე. ბიჭვინთვის კონცხზე, შემოფარგლულია გაგრისა და ბზიფის ქედებით და მთავარი კავკასიონის ქედის სამხრეთი ფერდობებით. ზ. დ. 4 მ, გაგრიდან 21 კმ, სოხუმიდან 80 კმ. ბ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ბ-ის როგორც ქართ., ისე ბერძნ. სახელწოდება პიტიუნტი (Pitios თუ Pityus, ლათ. Pithyus, იტალ. Pezonda, აფხ. ლძაა, რუს. Пицунда) „ფიჭვიდან“ მომდინარეობს. ბიჭვინთის კონცხის სანაპიროს 7 კმ-ზე ახლაც გასდევს რელიქტური ფიჭვის ტყის მასივი (იხ. ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი). ბ-ში ზღვის ნოტიო, რბილი ჰავაა; იცის თბილი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა 6,2°C) და ზომიერად ცხელი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 24°C). საშ. წლ. ტემპ-რა 14,6°C, ზღვის წყლის ტემპ-რა 22‒260C. ნალექები 1500 მმ წელიწადში, მაქს.‒იანვარში (160 მმ). შეფარდებითი სინოტივე ივლ.-აგვ-ში 80%, მზის ნათების ხანგრძლივობა 1800 სთ წელიწადში.

ყველაზე მშრალი პერიოდია გაზაფხული. იშვიათია ძლიერი ქარი და ზღვის ღელვა. ზღვის წყლის ტემპ-რა ზედაპირზე მაისიდან ნოემბრამდე 20°C-ზე მაღალია. ბ-ს აქვს საუკეთესო ქვიშიანი ფართო ბუნებრივი პლაჟი. სამედ. ჩვენება: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და მათი პროფილაქტიკა.

ბ-ის მახლობლად არის სულფიდური მინერ. წყლისა და სამკურნ. ტალახის საბადოები, რ-თა გამოყენება ხელს შეუწყობს კურორტის სამკურნ. პროფილის გაფართოებას.

XX ს. 90-იან წლებამდე ბ-ში იყო მეფრინველეობის ფერმა, თევზისა და პურის ქ-ნები, საბავშვო ბაგა და ბაღი, დაწყ. და საშ. ზოგადსაგანმან. სკოლები, ბ-კა. კულტსახლი, საავადმყოფო, ამბულ., პოლიკლინიკები, აფთიაქი, კავშირგაბმ. განყ-ბა; პანსიონატები, დასასვენებელი სახლები, სამედ. პლაჟი, ზამთრის საცურაო აუზი და სხვა საკურორტო ნაგებობები. სეზონი – მთელი წელი.

საკურორტო ზონის გენ. გეგმა პირველად XX ს. 60-იან წლებში შედგა საპროეტქო ინ-ტ „მოსპროექტში“ (არქიტექტორები მ. პოსოხინი, ა. მნდოიანცი, ვ. სვირსკი, ი. პოპოვი, კონსტრუქტორები ს. შკოლნიკოვი, ვ. ნიკოლაევი, მხატვარი ზ. წერეთელი). გენ. გეგმის საფუძველზე აშენდა საკურორტო ცენტრი ყველა საჭირო ნაგებობით და პროფკავშირთა პანსიონატების გაერთიანების მრავალსართულიანი, კეთილმოწყობილი კორპუსებით. მშენებლობა დამთავრდა 1968. 1971 აშენდა დასასვენებელი სახლი „პრავდა“ (არქიტექტორები ო. ჯაყელი, დ. ცხაკაია, გ. მარსაგიშვილი, კონსტრუქტორი შ. ბლუაშვილი); 1977– მწერალთა შემოქმედებითი სახლი (არქიტექტორები გ. ჯაბუა, ე. ცხაკაია); 1968 – კინემატოგრაფისტთა და ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირების დასასვენებელი სახლი (არქიტექტორები შ. დავითაშვილი, გ. ჯაბუა, კონსტრუქტორი შ. ბლუაშვილი). დაწყებულია საქართვ. ეკონ. სამინისტროს 500-ადგილიანი დასასვენებელი სახლის (არქიტექტორები მ. ჩხენკელი, გ. სარაჯიშვილი, ვ. რევიშვილი, კონსტრუქტორები ლ. კურტანიძე, ე. კიზირია), საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს 250-ადგილიანი პანსიონატის (არქიტექტორები ო. ჯაყელი, ლ. ლორთქიფანიძე, კონსტრუქტორი ლ. ქავთარაშვილი) მშენებლობა. ბ-ის ახ. გენ. გეგმა შედგა 1989 საპროექტო ინ-ტ „საქქალაქმშენსახპროექტში“ (არქიტექტორები ბ. გაბუნია, ა. სიჭინავა, ეკონომისტი ლ. პარფენოვა).

ბიჭვინთის კონცხზე, მდ. ბზიფის შესართავის მახლობლად, არის ანტ. და ადრინდ. ფეოდ. ხანის ნაქალაქარი. აქ აღმოჩენილი ბრინჯაოს ცულების განძი (იხ. ბიჭვინთის განძები) და დიუნების ძველკოლხური ნამოსახლარებისათვის დამახასიათებელი ე. წ. ქსოვილიანი კერამიკა ადასტურებს, რომ ძვ. წ. II ათასწლ. II ნახ. და I ათასწლ. პირველ საუკუნეებში აქ ყოფილა კოლხური დასახლებანი. ბ. პირველად მოხსენიებულია სტრაბონის (ძვ. წ. 64/63 – ახ. წ. 23/24) „გეოგრაფიაში“ (XI, 2,14) როგორც „დიდი პიტიუნტი“, საიდანაც მანძილი დიოსკურიამდე 360 სტადიონია (63,9 კმ), რაც ემთხვევა მანძილს თანამედროვე სოხუმსა და ბ-ს შორის. სტრაბონი ემყარება ძვ. წ. II ს. ბერძენი გეოგრაფის არტემიდორე ეფესელის ცნობას, რაც ადასტურებს, რომ ქალაქი აქ უკვე ელინისტურ ხანაში არსებობდა, თუმცა იმდროინდელი კულტ. ფენები ჯერჯერობით მიკვლეული არ არის. ძვ. რომაელი მეცნ. პლინიუს უფროსი (23–79) ბ-ს უწოდებს უმდიდრეს ქალაქს, რ-იც მის დროს ჰენიოხებს დაურბევიათ. I–II სს-იდან IV ს-მდე ბ-ის ციხეში იდგა რომაული გარნიზონი – ერთი კოჰორტა, რ-საც ევალებოდა შავი ზღვის ამ უბანზე საკაბოტაჟო ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რომის იმპერიის მისადგომების დაცვა მთიელთა და მომთაბარეთა შემოსევებისაგან.

სამხ.-ადმ. დაყოფით ბ. შედიოდა რომის პროვინციის კაპადოკიის შემადგენლობაში და ექვემდებარებოდა კაპადოკიის ლეგატის კონტროლს. ლეგატ ფლავიუს არიანეს (95 –175) საინსპექციო მოგზაურობის დროს, 131, ბ. ნავსადგომად იხსენიება. ოციოდე წლის შემდეგ კი, გლაბრიონესა და ჰომულის კონსულობის დროს, როგორც ეს ბ-ში აღმოჩენილი ლათინური წარწერიდან ირკვევა, ბ. რომაელთა ძლიერი ფორპოსტი იყო. კერამ. ფილებზე შერჩენილი დამღებიდან ვიგებთ, რომ ბ-ის ციხის მშენებლობაში მონაწილეობდნენ რომის არმიის XV ლეგიონის (Legio XV Apollinaris) საინჟინრო ნაწილები. 257 ბორანთა ტომის გამანადგურებელი შემოსევის შემდეგ იმპერიის ცენტრ. ხელისუფლება იძულებული გახდა საგანგებოდ ეზრუნა ბ-ის ციხესთან არსებული სამოქალაქო დასახლების უსაფრთხოებაზე და მისთვის მძლავრი კოშკებიანი გალავანი შემოერტყა. IV ს. I მეოთხედში ბ-ის, როგორც საქალაქო ცენტრის, სტატუსი ეჭვს არ იწვევს, რამდენადაც აქ საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა.

ბ. ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილე ნიკეის I მსოფლიო საეკლ. კრების (325) მონაწილე იყო. ბ. დიდ საეკლ. ცენტრად დარჩა შუა საუკუნეებშიც. აფხ. სამეფოს შექმნის შემდეგ ბ-ში იჯდა აფხ. კათალიკოსი, ხოლო საქართვ. ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ (XV–XVI სს.) – აფხ. კათალიკოს-პატრიარქი. IV ს. 70-იან წლებში ბ. გაძარცვეს და დაანგრიეს ჩრდ. კავკასიიდან შემოჭრილმა ჰუნებმა, რის შემდეგაც ციხე-ქალაქმა დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა. VI ს. ბიზანტ. იმპ. იუსტინიანეს ნოველებში ბ. მოხსენიებულია ციხესიმაგრედ, სადაც ბიზანტ. გარნიზონი დგას. ბიზანტ.-ირან. ომის (იხ. ეგრისის დიდი ომი 542 – 562) დასაწყისში, 542, ბიზანტიელებმა ბ. და სებასტოპოლისი (დიოსკურია–სოხუმი) თვითონვე დაანგრიეს, რათა ისინი სპარსელებს არ ჩავარდნოდათ ხელში. VIII ს-იდან ბ. აფხაზთა სამეფოს, ხოლო X ს-იდან საქართვ. ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო. XIV–XV სს-ში აქ გენუელთა ფაქტორია – პეცუნდა – არსებობდა. ბ-ის ნაქალაქარმა მკვლევართა ყურადღება მიიქცია XIX ს. I ნახევრიდან, როცა ფრანგმა მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ ის ისტ. პიტიუსთან გააიგივა. ბ-ის არქეოლ. გათხრები მიმდინარეობს 1952-იდან (ხელმძღვ. ა. აფაქიძე, 1975-იდან – გ. ლორთქიფანიძე).

მრავალრიცხოვანი არქეოლ. მონაპოვარი (წითელლაკიანი კერამიკა, დამღებიანი ფილები, მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა, ბერძნ.-ლათ. წარწერათა ფრაგმენტები, კონსტანტინე აბაზგისა და თეოდორე ეპისკოპოსის შეკიდული ბეჭდები, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, ქვისა და მინის სამკაული და სხვ.) საშუალებას იძლევა თვალი გავადევნოთ ბ-ის სავაჭრო-ეკონ., კულტ. და პოლიტ. ცხოვრების ისტორიას რამდენიმე საუკუნის მანძილზე. არქეოლ. გათხრებით გამოვლინდა I – II სს. ხით ნაგები რომაული ციხესიმაგრის ნაშთები, II ს. II ნახ. რომაული ციხე-კასტელუმი და მის აღმ-ით მდებარე III – IV სს. კანაბე – გადამდგარ ლეგიონერთა სამოქალაქო ტიპის დასახლება, II – VI სს. სამაროვანი, სხვადასხვა პერიოდის ეკლესიათა ნაშთები და სხვ. ბ-ის კასტელუმი II – IV სს. გეგმით კვადრატული ტიპური რომაული ციხესიმაგრეა, რ-ის საერთო ფართ. 20 ათ. მ²-ია. კასტელუმის ქვით ნაგები გალავანი კონტრფორსებითა და კოშკებით არის გამაგრებული. გალავანში, კასტელუმის ცენტრში, გაითხარა გარნიზონის მეთაურის რეზიდენციის – პრეტორიის და სამხ. შტაბის – პრინციპიას მონუმ. შენობები, რ-თა იატაკი მოზაიკით იყო შემკული (III ს.). აღმოჩნდა აგრეთვე ყაზარმების, ლაზარეთის და სხვა საცხოვრ. და სამეურნეო ნაგებობების (აბანო, მარანი, კერამ. და საოქრომჭედლო სახელოსნოები და ა. შ.) ნაშთები, ქუჩები; გამოვლენილია მაღალტექ. დონეზე შესრულებული საკანალიზაციო არხების სისტემა, რ-ის ცენტრ. კოლექტორის სიგრძე 175 მ აღწევს. კოშკებიანი გალავნითვე შემოსაზღვრული კანაბეს ტერიტორიაზე გაითხარა ქრისტ. სატაძრო უბანი, მრავალფენიანი საკულტო ნაგებობათა ჯგუფი. ნახევარწრიული აფსიდიანი უძველესი ერთნავიანი ტაძარი მოქმედებდა უკვე IV ს. I მეოთხედში. მის ნანგრევებზე V ს-ში აუგიათ სამნავიანი ბაზილიკა, რ-საც შვერილი ხუთწახნაგოვანი აფსიდი ჰქონია. ბევრად უფრო ფართო შუა ნავი ხუთი წყვილი ბურჯით იყო გამოყოფილი. დას. მხრიდან ტაძარს ეკვროდა ნართექსი, რ-იც თითო შესასვლელით სამივე ნავს უკავშირდებოდა. ტაძარი მდიდრულად ყოფილა შემკული, რასაც ადასტურებს აქ აღმოჩენილი თეთრი მარმარილოს უამრავი ხუროთმოძღვრული დეტალი (სვეტების, კაპიტელების, ფრიზის ფრაგმენტები). ტაძრის სამივე ნავისა და ნართექსის იატაკი შესანიშნავი მოზაიკით იყო დაფარული (იხ. ბიჭვინთის მოზაიკა). დიდი ტაძრის დას-ით VI – VII სს-ში აუგიათ კიდევ ერთი, უფრო მომცრო ეკლესია, რ-ის ნალისებრი მოყვანილობის შვერილი, გარედან სამწახნაგა აფსიდი, ძვ. ტაძრის ნართექსშია შეჭრილი. II – VI სს. სასიმაგრო ნაგებობა –კოშკი და კედელი გაითხარა კასტელუმის ჩრდ.-დას-ით, ინკითის ტბის მახლობლად, სადაც ზოგიერთი მკვლევარი ბ-ის შიდა ნავსადგურის არსებობას ვარაუდობს. ციხე-ქალაქის გათხრების დროს აღმოჩნდა მრავალრიცხოვანი არქეოლ. მასალა: ათას ექვსასამდე ოქროს, ელექტრუმის, ვერცხლის, სპილენძისა და ბრინჯაოს მონეტა, სხვადასხვა დროისა და სხვადასხვა სახელოსნო ცენტრის ნაწარმი – კერამ. ტარა –ამფორები, ნაირსახოვანი მინის ჭურჭელი და ჭრაქები, სარკმლის მინა, ადგილ. და შემოტანილი წითელლაკიანი კერამ. ჭურჭელი, ოქროს, ბრინჯაოს და რკინის სამკაული, სამშენებლო კერამიკა – აგური, კრამიტი, ფილები, წყალსადენის მილები და სხვ. ბ-ის, როგორც II – VI სს. მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრის, და მისი მოსახლ. კულტ.-ეკონ. დონის დასახასიათებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბ-ის გვიანდ. ანტ. – ადრინდ. ფეოდ. ხანის სამაროვანზე აღმოჩენილ სამარხეულ კომპლექსებს. სამაროვანი მდებარეობს ნაქალაქარის სამხრ.-დას. მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ გამოვლენილია 460 სამარხი. სულ დადასტურდა სამარხთა 8 ტიპი (ორმოსამარხები, კირხსნარიანი სამარხები, კრამიტსამარხები, ფილებიანი სამარხები, ამფორსამარხები, კვადრებით ნაგები სამარხები, ჭასამარხები, კრემაციული სამარხები), რ-თა შორის რაოდენობრივად ჭარბობს ორმოსამარხები. სამაროვანზე დაფიქსირდა მიცვალებულთან ერთად ცხენის დამარხვის რამდენიმე შემთხვევა. ამფორებს, როგორც წესი, მცირეწლოვანი ბავშვების დასაკრძალავად იყენებდნენ.

სამარხები უმეტესად ინდივიდუალურია, დამხრობა – ნებისმიერი, გარდა კანონიკური ქრისტ. წესით დაკრძალულებისა, სამარხეულ ინვენტარს შეადგენს: მინის სანელსაცხებლები, ქილები, ფლაკონები, რ-თა ნაწილი ადგილ. სახელოსნოში უნდა იყოს დამზადებული; კერამ. ნაწარმი – ადგილ. და შემოტანილი დოქები, კოჭბები, ამფორისკები, რ-თაგანაც ზოგიერთზე ბერძნ. გრაფიტოებია ამოკაწრული; ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის სამკაული (საყურეები, გემიანი საბეჭდავი ბეჭდები, სამაჯურები, სამკლაურები, საკინძები, გულსაკიდები, ძეწკვები) და ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები (ბალთები, მშვილდსაკინძები, რკინისქუდიანი ლურსმნები – სანდლების შემკულობა). 35 სამარხში აღმოჩნდა ძვ. წ. I ს. – ახ. წ. IV ს. I ნახ. მონეტები, რ-თაც ქარონის ობოლის დანიშნულება უნდა ჰქონოდა. სამარხთა დიდი ნაწილი უინვენტაროა. სამაროვანი თარიღდება II – VI სს-ით. აქ იმარხებოდა ბ-ის საშ. შეძლების და ღარიბი მოსახლეობა. ბ. და მისი მიდამოები მდიდარია VII – VIII სს. და მომდევნო ხანის საკულტო ხუროთმოძღვრების ძეგლებით. არქეოლ. გათხრებით გამოვლინდა ბაზილიკა ახაშნიხის ბორცვზე, სოფ. ალახაძში, მცირე ტაძარი – სოფ. ლიძავაში. ბ-ში, ნაქალაქარიდან 300 მ-ზე, დგას ჯვაროვან-გუმბათოვანი ბიჭვინთის ტაძარი.

ლიტ.: დიდი  პიტიუნტი. არქეოლოგიური გათხრები ბიჭვინთაში, [წგ.] 1 – 3, თბ., 1975 – 78; რ ა მ ი შ ვ ი ლ ი  რ., არქეოლოგიური გათხრები ბიჭვინთაში, ,,მასალები საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიისათვის", 1965, ტ. 4; ც ი ც ი შ ვ ი ლ ი  ი., ქართული არქიტექტურის ისტორია. ლექციების მოკლე კურსი, თბ., 1955.

ა. აფაქიძე

გ. ლორთქიფანიძე

ი. ციციშვილი

გ. უშვერიძე

ე. ბაგრატიონი