ბიჭვინთის მოზაიკა, IV – V სს. მოზაიკური მხატვრობა, რ-ითაც შემკული იყო V ს. სამნავიანი ბაზილიკის იატაკი (ბაზილიკის ნანგრევები აღმოჩნდა ბიჭვინთის კონცხზე 1952 დაწყებული არქეოლ. გათხრების დროს).
შედარებით უკეთ იყო შემონახული საკურთხევლის აფსიდისა და სანათლავის მოზაიკა (ამჟამად ბ. მ-ის დიდი ნაწილი ინახება საქართვ. ხელოვნ. მუზეუმში). ბ. მ. შესრულებულია ადგილ. ფერადი ქვის (თეთრი, შინდისფერი, ყვითელი და შავი) ოთხკუთხა ნატეხებით, სუფთად დაფქული აგურისა და კირის ხსნარზე. ფონი აგურისფერია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესრულებულია ადგილ. ოსტატების მიერ.
ბ. მ. თავისი ხასიათით უახლოვდება ახლო აღმოსავლეთის ელინიზებული ქვეყნების – სირიისა და პალესტინის – მოზაიკურ მხატვრობას. ბაზილიკის საკურთხევლის აფსიდის ცენტრში დიდი მონოგრამაა, ე. წ. „ქარიზმა“, შემკული „ალფისა“ და „ომეგის“ ნიშნებით. მონოგრამის ორივე მხარეს აკანთის ხვეულების ფართო ზოლია, რ-იც ჩარჩოსავით ევლება მთელ კომპოზიციას. ქრიზმის მარცხნივ მცენარის აყვავებული და ნაყოფმოსხმული შტოა ფრინველთა გამოსახულებებით.
კომპოზიცია გაფორმებულია გეომ. ორნამენტით (რომბები, სამკუთხედები, წრეები). ბერძნ. წარწერის თანახმად, ბაზილიკა აგებულია ვინმე ორელის მიერ („სალოცავად ორელისა და ყოვლისა სახლისა მისისა“) ეკლესია IV ს. II ნახევრით თარიღდება. მას აქვს შვერილი ხუთწახნაგიანი აფსიდი, დას. მხარეს –ნართექსი. ეკლესია მრავალჯერ დანგრეულა და აღუდგენიათ. აფსიდისა და სანათლავის გარდა, მოზაიკის ფრაგმენტები შემორჩენილია ჩრდ. და სამხრ. ნავებში. საკურთხევლის მოზაიკის კომპოზიციური ცენტრია შადრევანი („წყალი ცხოველი“) საღვთო ფრინველების, ირმებისა და ნუკრის ფიგურათა გამოსახულებებით. აქვეა წმინდა ძროხისა და ხბოს ფიგურები.
აფსიდის მოზაიკა მხატვრული გააზრებით, კომპოზ. მთლიანობითა და კოლორიტით საინტერესო მოვლენაა ქართულ მხატვრობაში. უფრო კარგადაა შენახული ნართექსის მოზაიკა. აქაც მეორდება შადრევნის გამოსახულება. შადრევანზე მარჯვნივ და მარცხნივ ჩიტები სხედან, გრეხილებისგან შექმნილი სხვადასხვა ფორმის გეომ. ფიგურები კომპოზიციურად ერწყმის წრეწირებში ჩასმული ფრინველებისა და თევზების გამოსახულებებს. ეკლესიის სხვადასხვა ნაწილში (ჩრდ. და სამხრ. ნავები) ფრაგმენტების სახით შემორჩენილია ირმებისა და კრავის გამოსახულებები. სამხრ. ნავში ნაპოვნია საერო ხასიათის მოზაიკის ფრაგმენტები (სპილო, ტრიტონი, გეომ. ფიგურები).
ლიტ.: ა მ ი რ ა ნ ა შ ვ ი ლ ი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971; დიდი პიტიუნტი. არქეოლოგიური გათხრები ბიჭვინთაში, [წგ.] 3, თბ., 1978.
ა. ჩხარტიშვილი