ბიჭვინთის ნამარხი ფლორა, ნამარხი ფლორის შემცველი შრეები ბიჭვინთის კონცხის აღმ-ით, 12 კმ-ზე, მდ-ებს ამბრასა და ჯიჯუარს შორის, სოფ. მუგუძირხვის მახლობლად.
აქ, უშუალოდ ზღვის ნაპირზე, შიშვლდება მძლავრი წყება, რ-იც ლიტ-რაში ცნობილია „ბიჭვინთის კონცხის კონგლომერატების“ სახელით. მათი ასაკი განისაზღვრება როგორც ზედა მიოცენი – შუა პლიოცენი, წყების აღმ. ნაწილი წარმოდგენილია თიხიანი ნალექებით. აქ, ზედა პონტოური ფაუნის შემცველ შრეებში, შეგროვილია დიდძალი პალეობოტან. მასალა: ფოთლების ანაბეჭდები ფიტოლეიმებით, იშვიათად – ლიგნიტიზებული მერქანი და გირჩები. ამავე ნალექებიდან შესწავლილია ნამარხი სპოერები და მტვრის მარცვლები.
ბ. ნ. ფ. გამოირჩევა მრავალფეროვანი სისტემატიკური შემადგენლობით: სუბტროპ. ფლორებისათვის დამახასიათებელი გვიმრების სიუხვით, წიწვოვნების სიმრავლით, რ-თა შორის ვხვდებით თანამედროვე ბიჭვინთის ფიჭვის უშუალო წინაპარ ფორმას. ორლებნიან ხემცენარეთაგან ზომიერი და ზომიერად თბილი ჰავისათვის დამახასიათებელ მცენარეებთან ერთად აღსანიშნავია ნესტიანი სუბტროპ. ჰავის მოყვარული მცენარეებიც (განსაკუთრებით დაფნისებრთა ოჯახისა).
მთლიანად ბიჭვინთის პონტოურ ფლორას უფრო მეზოფილური იერი აქვს, ვიდრე დას. საქართვ. სხვა ქვედა პლიოცენურ ფლორებს.
ი. რამიშვილი