ბიჭვინთის საეპისკოპოსო, დას. საქართველოს პირველი ეპარქია IV ს. I მეოთხედიდან; IX ან XII–XIII სს-იდან – აფხაზეთის საკათოლიკოსო.
325 ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლ. კრებას, რ-მაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიც. რელიგიად გამოაცხადა, ესწრებოდა პიტიუნტის (ე. ი. ბიჭვინთის) ეპისკოპოსი სტრატოფილე. ეს იმას მოწმობს, რომ ბ. ს. ამ დროს დიდი და მნიშვნელოვანი საქრისტიანო ორგანიზაცია იყო, რადგან ნიკეის კრებაზე მიწვეული იყვნენ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საეკლ. ცენტრების მღვდელმთავრები. მკვლევართა ნაწილი სტრატოფილეს, სახელის მიხედვით, ბერძენად მიიჩნევს (ა. ჰარნაკი), ნაწილს კი მიაჩნია, რომ მხოლოდ სახელით ამის გარკვევა არ შეიძლება, რადგანაც ბერძნ. სახელი შეიძლება ქართველსაც რქმეოდა (ს. ყაუხჩიშვილი).
ბ. ს. იმის დადასტურებაა, რომ უკვე IV ს. I მეოთხედში დას. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწ. რელიგია იყო. ზოგიერთი მკვლევარი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ბ. ს. ბერძნ. ეპარქია იყო ბერძენი კოლონისტებისათვის (კ. კეკელიძე), მაგრამ ეს თვალსაზრისი დამაჯერებლადაა უარყოფილი და ნაჩვენებია, რომ ეს იყო ეპარქია ძირითადად ადგილ. მოსახლეობისათვის (ს. ყაუხჩიშვილი). ნიკეის საეკლ. კრების მონაწილეთა სია შემორჩენილია ექვს ენაზე და ექვსივე სიაში მოხსენიებულია ბ. ს., როგორც პოლემონის პონტოს ერთ-ერთი ეპარქია (მასში შემავალი სამი ეპარქიიდან). VII ს-ში ბერძნ. ტაქტიკონებში დას. საქართველოში მოხსენიებულია სამი ეკლესია, მ. შ. აბაზგიის ეპარქია, რ-ის კათედრალიც ჩანს სებასტოპოლისში (ცხუმში, ახლანდ. სოხუმი), მაგრამ, როგორც ეტყობა, ბ. ს. ამ პერიოდშიც აგრძელებდა არსებობას და IX ს-ში ბიჭვინთის ეპისკოპოსი აღარ იყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოზე დამოკიდებული, იგი მთელი დას. საქართველოს მღვდელმთავარი გახდა (წაართვა პირველობა ფასისის მიტროპოლიტს, რ-იც ლაზიკის ეკლესიის მთავარი მღვდელმთავარი იყო). შესაძლებელია, რომ ამ დროიდან მიიღო ბიჭვინთის ეპისკოპოსმა აფხაზთა კათოლიკოსის პატივი.
ბ. ს-ს კათედრალი იყო IV ს-ში აგებული ბაზილიკა, რ-ის იატაკი შემკობილი ყოფილა მოზაიკით (იხ. ბიჭვინთის მოზაიკა). მის ნანგრევებზე V ს-ში აუგიათ ახ. კათედრალი – სამნავიანი ბაზილიკა.
წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. 1, ს. ყაუხჩიშვილის და ა. გამყრელიძის გამოც., თბ., 1961.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 3, თბ., 1955.
ნ. შოშიაშვილი