ბიჭვინთის ფიჭვი (Pinus pithysa), სწორტანიანი, გაშლილვარჯიანი ხე ფიჭვის გვარისა.
მისი სიმაღლე 25 – 40 მ აღწევს. აქვს 10 – 16 სმ სიგრძის ღია მწვანე წყვილ-წყვილად მჯდომი წიწვები, კვერცხისებრ-კონუსისებრი მოწითალო-წაბლა პრიალა გირჩები, რ-ებიც ან მარტოულია, ანდა ორად ან ოთხად შეკრებილი და თითქმის მჯდომარე. ბ. ფ. მესამეული პერიოდის რელიქტია, კავკ. ენდემი. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე ანაპის მიდამოებიდან (კრასნოდარის მხარე) ფსირცხამდე (აფხაზეთი) და სამხრ. ყირიმში. იზრდება ზ. დ. 300 – 400 მ-ზე, თუმცა ფსირცხაში 900 მ აღწევს. გვხვდება როგორც ზღვისპირული ვაკის ქვიშიან ნიადაგზე (ბიჭვინთის კონცხი), ისე მთის კალთების ღორღიან თხელ ნიადაგზე და კირქვებზე.
ბიჭვინთის კონცხზე, 295 ჰა-ზე, ქმნის წმინდა ერთასაკოვან კორომს, რ-ის ნაწილი ბ. ფ-ის ნაკრძალს წარმოადგენს. წმინდა კორომს ქმნის ჯანხოთშიც (გელენჯიკის რ-ნი). ბიჭვინთის კორომში 80 – 100 წლის ასაკში 25 მ სიმაღლეს და 60 – 70 სმ სისქეს აღწევს. აქ მისი ბუნებრივი განახლება მეტად შეზღუდულია; იჩაგრება უხვად გამრავლებული ფოთლოვანი ჯიშებით, განსაკუთრებით ჯაგრცხილით. მთის კალთებზე ბ. ფ-ის მცირე კორომები მუხის სარტყელშია მოქცეული და შერეულია ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ჯაგრცხილა და სხვა ფოთლოვანი ჯიშები. ბ. ფ. სწრაფმზარდი, სინათლისა და სითბოს მოყვარული, მეტნაკლებად გვალვა და ქარგამძლე მცენარეა. ეგუება ნიადაგის სუსტ დამლაშებას, ნაკლებად უძლებს ყინვას. დეკორატიულია და ფართოდ გამოიყენება ბაღ-პარკების მოსაწყობად შავი ზღვის სანაპიროს საკურორტო ზოლში და ნაწილობრივ აღმ. ამიერკავკასიაში.
მნიშვნელოვანია ხელოვნური ტყის გასაშენებლად.
მ. სახოკია