გაგუა ვლადიმერ იესეს ძე

 

გაგუა ვლადიმერ (ლადო) იესეს ძე (12. V. 1860, სოფ. კოტიანეთი, ახლანდ. სენაკის მუნიციპ-ი, – 25. VII. 1944, იქვე), პედაგოგი, პუბლიცისტი, საზ. მოღვაწე. 1884 დაამთავრა ქუთ. საოსტატო სემინარია (დაბა ხონში). მასწავლებლად მუშაობდა საქართვ. ქალაქებსა და სოფლებში (ნოსირი, წალენჯიხა, ხობი, ყულევი, ფოთი, სენაკი). 1916 დაინიშნა სენაკის მაზრის სახ. განათლების მთავარ ინსპექტორად და ქუთ. გუბერნიის სახ. სკოლების ინსპექტორად. 1918–29 სენაკის სამაზრო განათლების განყ-ბის გამგე იყო.

გ. სისტემატურად აქვეყნებდა პერიოდულ პრესაში კრიტიკულ სტატიებსა და თეორ. ხასიათის პუბლიც. წერილებს პედ., სახ. განათლების ორგანიზაციის, ეთნოგრ., ლიტ-რისა და ხელოვნ. საკითხებზე. იგი ავტორია ცალკე წიგნებად გამოცემული მრავალი პოპულარული ნაშრომისა და ლექსების კრებულისა. მისი მეურვეობით და ხარჯით სოფ. კოტიანეთში აშენდა სასკოლო შენობა და 1901 გაიხსნა სახ. სკოლა, რ-იც ახლა გ-ს სახელობისაა.

თხზ.: სუჯუნა და მისი სკოლა, «კვალი», 1883, № 14; სამეგრელო, იქვე, 1893, № 44; სოფლის ვითარება, იქვე, 1893, № 52; მეგობართან საუბარი, 1894, № 14; რწმენა, სასოება და სიყვარული, ფოთი, 1903; დიდი სასტუმრო ანუ უცნაური სიზმარი, ფოთი, 1908.

ლიტ.: ცაიშვილი ს., ვლადიმერ გაგუა, კრ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, ტ. 1, თბ., 1953.

დ. გურგენიძე