გაგუა კონსტანტინე რომანოზის ძე [31. VII (12. VIII). 1885, სოფ. ტალერი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპ-ი, – 28. VIII. 1947, თბილისი], პედაგოგი, მეთოდისტი. 1906 დაამთავრა თბილ. სას. სემინარია, 1911 – ყაზანის უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი. ამავე წლიდან მუშაობდა ხაშურის, ქუთ., ბათ. კლასიკურ გიმნაზიებში, თბილ. რეალურ სასწავლებელში ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად, თბილ. მასწავლებელთა დახელოვნების ინ-ტის ქართ. ენისა და ლიტ-რის კაბინეტის გამგედ. მას ეკუთვნის სტატიები: „მხატვრული ლიტერატურის შესწავლის მეთოდიკისათვის დაწყებითსა და საშუალო სკოლაში“, „მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშები“, „პოეტიკა“ – ლიტერატურის თეორიის დამხმარე სახელმძღვანელო, კრებული „შოთა რუსთაველი სკოლაში“, „ქართული წერა-კითხვის სწავლების მეთოდიკა“, „მხატვრული ლიტერატურის სწავლება საშუალო სკოლაში“, „ქართული ენის გრამატიკის სწავლების მეთოდიკის საკითხები“, „ქართული პოეტური ფოლკლორი“ (მასწავლებელთა დასახმარებლად), „ქართული ლიტერატურის ქრესტომათია“ (თანაავტორი) და სხვ.
ა. სამადაშვილი