გაგუა რეზო ოლიფანტეს ძე

გაგუა რეზო ოლიფანტეს ძე (2. X I. 1949, ქ. ფოთი, – 26. IV. 2017, თბილისი), ონკოქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1995). გულმკერდის ონკოქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში. საქართვ. სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნ. (1994) და საქართვ. მედ. მეცნ. აკადემიების წევრი (2002). 1969 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1976–79 მუშაობდა აკად. კ. ერისთავის სახ. ექსპერ. და კლინ. ქირურგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ფილტვისა და შუასაყრის ქირურგიის განყ-ბაში, 1979 ‒ ონკოლოგიის სამეცნ. ცენტრში ჩამოაყალიბა თორაკალური ქირურგიის განყ-ბა. 1989-იდან იყო დირექტორის მოადგილე და საქართვ. მთ. ონკოლოგი, შემდეგ ‒ ექსპერტი, 1999–2002 ‒ ა. ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენ. დირექტორი, 2002‒07‒ ამავე ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე ‒ პრეზიდენტი, 2007–2011 ‒ გენ. დირექტორი, 2011‒2017 ‒ შპს ,,საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის“ გენ. დირექტორი. გ. არის მრავალი სამეცნ. შრომის მ. შ. 5 მონოგრაფიის, 4 გამოგონების, 15 რაციონალური წინადადებისა და 2 მეთოდური რეკომენდაციის ავტორი. მისი შრომები ძირითადად ეხება ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს, პოსტოპერაციულ გართულებათა პრევენციას, ავთვისებიან სიმსივნეთა პროფილაქტიკასა და ადრეული დიაგნოსტიკის გზების ძიებას. გ-მ პირველმა განახორციელა საქართველოში ფილტვის   სიმსივნის დროს პერიფერიული ბრონქების კათეტერიზაცია ფიბრობრონქოსკოპიის საშუალებით, ტრაქეის გულმკერდის ნაწილის ცირკულარული რეზექცია, ლობექტომია, გაფართოებულ-კომბინირებული ოპერაციები ფილტვის კიბოს დროს და სხვ.

გ. იყო სხვადასხვა დარგობრივი და სამეცნ. საზ-ბის და ასოციაციის პრეზიდენტი (2012), ასევე ნიუ-იორკის აკადემიის წევრი (2008).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საქართვ. სახელმწ. პრემია (1998); საქართვ. ეროვნ. პრემია (2011); „ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი“ (2010); ღირსების ორდენი (1996).