გაგუა ხუტა ლავრენტის ძე ( დ. 10. VIII. 1935, სოფ. ბაბუშარა, ახლანდ. გულრიფშის მუნიციპალიტეტი), პოეტი. დაამთავრა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახ. ლიტ-რის ინ-ტთან არსებული უმაღლესი კურსები (1963). 1974–76 იყო აფხ. მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი, 1976–91 – სსრკ მწერალთა კავშირის ქართ. ლიტ-რის საბჭოს თავ-რის მოადგილე და სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის სამდივნოს კონსულტანტი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1953, პირველი კრებ. „კვირტების ფეთქვა“ – 1958. გამოცემული აქვს წიგნები: „მიწის სიმღერა“ (1961), „ხმა იდუმალი“ (1964), „გაზაფხულის მოახლოება“ (1971), „გვიანი თოვლი“ (1972), „თანხმობა“ (1976), „დაბრუნება სათავეებთან“ (1978), „ლექსები, პოემა“ (1980), „გამჭვირვალე ფრთები“ (1980, რუს. ენაზე), „ვარსკვლავთა ბუდეები“ (1981), „შეხსენება“ (1982), „საგანთიადო“ (1984), „წყურვილი“ (1985) და სხვ. გ-მ თარგმნა ლიტველი პოეტების ლექსები, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ა. ბლოკის, თ. ტიუტჩევისა და სხვ. ნაწარმოებები. 1983 ალმანახ „განთიადში“ გამოქვეყნებული ლექსებისათვის მიენიჭა საქართვ. მწერალთა კავშირის ყოველწლიური პრემია. 1988 ლექსებისათვის, რ-ებიც შევიდა კრებულში „ლირიკა“ (1988), მიენიჭა საქართვ. მინისტრთა საბჭოს პრემია. მისი ლექსები თარგმნილია უცხოურ ენებზე. გ. თანამედროვე „სამოციანელთა“ წარმომადგენელია, მისი პროფესიულად გამართული ლექსი იმავე დროს იმ პიროვნებისეულ პრობლემებზეც მიგვანიშნებს, რ-თა გარკვევის გარეშე ადამიანს თავისუფალი არსებობა ვერ წარმოუდგენია. გ. წლების მანძილზე ცხოვრობს საქართველოს გარეთ.
თხზ.: ერთტომეული, თბ., 1994.
კ. იმედაშვილი