გაგუთო, განვითარებული შუა საუკ. ხუროთმოძღვრების ძეგლები სოფ. ნეძიხის (დუშეთის მუნიციპ.) სამხრ.-დას-ით, მდ. ფშავის არაგვის მარჯვ. ნაპირზე. შემორჩენილია გეგმით ნალისებრი, კლდის ნატეხი ლოდებითა და დუღაბით ნაგები ზურგიანი კოშკის (5 X 7 მ) 3 სართული. I სართულში კარია დატანებული, II სართული ყრუა, III სართულზეც კარი და სარკმელია. სართულებშუა გადახურვები ხისა ყოფილა. კედლებში შემორჩენილია საკოჭე ღრმულები. XX ს. დამდეგს კოშკი კერძო პირებს გომურად გამოუყენებიათ, რისთვისაც ზედა ნაწილი მოუნგრევიათ და დამატებით საქონლის სადგომი მიუშენებიათ. ამ სამუშაოთა ჩატარებისას კოშკის გარშემო აღმოჩნდა ქვითკირის გალავნის, საწნახლებისა და ქვევრების ნაშთები, მოჭიქული ჭურჭლის ნამტვრევები. კოშკის აღმ-ით, 150 მ-ზე, ბორცვზე, აღმ-კენ დამხრობილი გეგმით მართკუთხა ნაგებობის ნაშთია, მის ირგვლივ რამდენიმე სახურავჩანგრეული მიწისქვეშა აკლდამა და ქვის სამარხია. კოშკის სამხრ-ით 1,5 კმ-ზე ნაციხარია. წრიული ქვითკირის გალავნის შიგნით სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთია. გ-ის ძეგლები მნიშვნელოვან მასალას იძლევა არაგვის ხეობის საკულტო, საფორტიფიკაციო და სამეურნეო ნაგებობათა შესასწავლად.
ლიტ.: გვასალია ჯ., არაგვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1975, [ტ.] 5.
გ. რჩეულიშვილი