გადასახადი, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სავალდებულო და უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების შესასრულებლად. იგი არის საზ-ბის შემოსავლებისა და ქონების თანასწორი, სამართლიანი განაწილების პირობა, მოქალაქეების და მეწარმეების მიერ გადახდილი ფასი საკუთრების უფლებების, გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
გ-ის გადახდა არ წარმოშობს სახელმწიფოს საპასუხო ვალდებულებას, შეასრულოს სპეც. მოქმედებები კონკრეტული გ-ის გადამხდელის სასარგებლოდ. იგი არის მოქალაქის კონსტიტუციური და სამართლებრივი ვალდებულება. გ. რეგულირდება საგადასახადო კანონმდებლობით. მას აქვს ფისკალური ფუნქცია, რ-ის მეშვეობით ხელისუფლება ახდენს სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ფულადი რესურსების მობილიზებას. გ-ით ხდება ბიუჯეტის შემოსულობების მნიშვნელოვანი ნაწილის ფორმირება. მისი მეშვეობით ხორციელდება შემოსავლების გადანაწილება სოციალურად დაუცველი და სხვა კატეგორიის მოქალაქეების სასარგებლოდ, რ-ებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ თანადგომას. საგადასახადო შეღავათების დაწესებით ხდება მცირე ბიზნესის, სას.-სამ. წარმოების, საინვესტიციო, საქველმოქმედო და სხვა საქმიანობის სტიმულირება და ზოგიერთი საქმიანობის შეზღუდვა, მაგ., საბაჟო გ-ით იმპორტის შეზღუდვა ეროვნ. ეკონ. დაცვის მიზნით, ალკოჰოლური და თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შეზღუდვა აქციზური გ-ით და სხვ. ამასთანავე, გ-ების დაწესებით იზღუდება ისეთი ეკონ. საქმიანობა, რ-იც ზიანს აყენებს გარემოს.
გ. განისაზღვრება გადამხდელთა გადახდისუნარიანობის მიხედვით, რითაც შეიძლება შეფასდეს საგადასახადო სისტემის სამართლიანობა. მეტი შემოსავლის მქონე პირი იხდის უფრო მეტს, ხოლო ერთნაირი გადახდისუნარიანობის მქონე პირები იბეგრებიან თანაბარი გ-ით. არსებობს პროპორციული, პროგრესული და რეგრესული გ-ები. პროპორციული გ-ის გადამხდელები იხდიან პროცენტულად ერთსა და იმავე ნაწილს თავიანთი შემოსავლიდან, მიუხედავად მათი შემოსავლების სიდიდისა. რეგრესული გ-ის დროს გ-ის განაკვეთი მცირდება შემოსავლების ზრდასთან ერთად და დიდი შემოსავლის მქონე გადამხდელები თავიანთი შემოსავლის უფრო მცირე ნაწილს იხდიან პროცენტულად, ვიდრე მცირე შემოსავლის მქონე გადამხდელები. თუმცა, საბოლოოდ, მათ მიერ გადახდილი გ. მაინც უფრო დიდია მცირე შემოსავლის მქონე პირებთან შედარებით. პროგრესული გ-ის დროს საგადასახადო განაკვეთი იზრდება შემოსავლების ზრდასთან ერთად და დიდი შემოსავლის მქონე გადამხდელები შემოსავლების უფრო მეტ ნაწილს (პროცენტს) იხდიან მცირე შემოსავლის მქონე პირებთან შედარებით.
გ-ების კლასიფიკაცია განისაზღვრება სახელმწ. ხელისუფლების ადმ.-ტერ. მოწყობისა და შესაბამისად, მართვის ორგანოების დონისა და მიკუთვნების მიხედვით. უნიტარულ სახელმწიფოში, როგორც წესი, საბიუჯეტო სისტემა შედგება ორი ძირითადი რგოლისაგან – სახელმწ. და ადგილ. ბიუჯეტებისაგან. შესაბამისად, არსებობს სახელმწ. და ადგილ. გ-ები. საერთო გ-ები სახელმწიფოს ერთიან ცენტრალიზებულ ფონდში, ბიუჯეტში შედის. მას არ გააჩნია რაიმე კონკრეტული დანიშნულება და საერთო-სახელმწიფოებრივი ღონისძიებებისათვის გამოიყენება. სპეც. გ-ებს, რ-იც ქონების მესაკუთრეებს ეკისრებათ, მკაცრად განსაზღვრული დანიშნულება აქვს. მას მიეკუთვნება გ. ადგილ. ინფრასტრუქტურული პროექტების (გზების, კანალიზაციის და სხვ.) მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის. გ-ებიდან ფორმირდება სპეც. სახელმწ. ფონდები, რ-იც განსაკუთრებული მიზნებისათვის გამოიყენება, მაგ., სარეზერვო, სახელმწიფო სადაზღვევო, საგზაო ფონდები და სხვ. უშუალოდ შემოსავალზე ან ქონებაზე პირდაპირი გ. წესდება. ამ სახის გადასახადებს მიეკუთვნება საშემოსავლო, მოგების, ქონების გ-ები. საქონლის ან მომსახურების შეძენისას მომხმარებელი იხდის არაპირდაპირ გ-ს. მას მიეკუთვნება აქციზი, დამატებითი ღირებულებისა და იმპორტის გ-ები.
გ. წარმოიშვა სახელმწიფოს ფორმირებასთან ერთად. ცნობილია, რომ დაბეგვრა არსებობდა ძვ. ეგვიპტეში, ძვ. რომში, საბერძნეთსა და ბიზანტიაში. თავდაპირველად გ-ები არასისტემური, ნატურალური ფორმით იბეგრებოდა. ქვეყნის და საზ-ბის საჭიროებები გ-ის ხასიათს განსაზღვრავდა. გ-ები გამოიყენებოდა, მაგ., სასახლეების, ჯარის, სახელმწ. მოხელეების შესანახად, ფლოტის, გზების და ტაძრების ასაგებად, ღარიბთა და უმწეოთათვის პროდუქტების დასარიგებლად, აგრეთვე დღესასწაულების მოსაწყობად, ომების საწარმოებლად და სხვა მიზნებისათვის. მოქალაქეები გ-ის სახით სხვადასხვა სამუშაოსაც კი ასრულებდნენ. სახელმწიფოების და ვაჭრობის განვითარებასთან ერთად იცვლებოდა გ-ის სახეები და დაბეგვრის ფორმები. სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების განვითარებამ გ-ების ფულად ფორმას ჩაუყარა საფუძველი.
დას. ევროპაში მეფის, არმიისა და დიდგვაროვნების შენახვა ხდებოდა იმ გლეხთა შემოსავლებიდან, რ-ებიც ფეოდალების მიწაზე ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. გ-ები ასევე იყო კათოლიკური ეკლესიის შემოსავლის წყარო. ფეოდალიზმის დასრულების შემდეგ დაბეგვრის ძირითად ობიექტად იქცა მიწა ‒ ყველა სახელმწიფოს სიმდიდრის წყარო. კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად შეიცვალა სახელმწიფოს ფუნქციებიც. მნიშვნელოვანი გახდა მისი ეკონ. როლი. განსაკუთრებით XX ს. II ნახ-ში გადასახადების წილი მთლიან სამამულო პროდუქტში მკვეთრად გაიზარდა. დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული და მრავალფეროვანი გ-ებია. გ-ების დასაბეგრ ბაზას წარმოადგენს შემოსავლები, საქონლისა და მომსახურების გაყიდვები, მოხმარება და უძრავი ქონება.
საქართველოში გ-ის შემოღება სახელმწიფოს შექმნისთანავე დაიწყო. ძვ. საქართველოში გ-ების ამოღება ძირითადად ნატურალური ფორმით (ხარკი) სამთავროების მიხედვით ხორციელდებოდა. გ-ს ჭირნახულის (ბეგარის) სახით აწესებდა ბატონი, ძირითადი გადამხდელები იყვნენ ყმები. არსებობდა შრომითი ბეგარაც, რ-ის თანახმად, გლეხს ბატონის მამულში წელიწადში რამდენიმე დღე უნდა ემუშავა. გ-ებს აწესებდნენ საქართველოს დამპყრობლებიც. VII ს-ში არაბებმა ქართლში, მესხეთსა და სხვაგან დააწესეს მიწის გ. – არაჯა და საკომლო-სულადობრივი გ. – ჯიზია; XIII ს-ში მონღოლებმა შემოიღეს რამდენიმე სახის სას.-სამ. გ.: მალი (მოსავლის 60 %-ს შეადგენდა); ყაფჩარი (ყოველი 100 პირუტყვიდან ერთი მონღოლს მიჰყავდა); ულუფა (მონღოლი მოხელის შესანახად, იხდიდა გლეხი); მაზდი (სოფელში მოსული მოხელის ცხენის ქირა, იხდიდა გლეხი); დამღა (სავაჭრო გ., შეადგენდა გაყიდული საქონლის 3%-ს). საქართველოში ფეოდალები დამოუკიდებლად აწესებდნენ ძირითადად ნატურალურ გ-ებს: მიწის სარგებლობისათვის (ყალანი, კაბალა), ბატონის სტუმრობისათვის (სამასპინძლო), ღვინის (კულუხი), ნადირობის, პატრონის ხლების და ლაშქრობით სამსახურის, მარცვლეულის (ღალა, რიგის პური), საძოვრების გამოყენებისათვის (საბანჯარი, საბალახე), ქორწილის შესაწევარს (სანიჭარი), სურსათის გ-ს, საკომლე გ-ს, შევარდნის გ-ს (შევარდნის მომსახურებისათვის), ბეგარას და სხვ. XVII ს-ში ვახტანგ VI-მ შემოიღო ერთიანი გადასახადები და დააწესა გლეხთა გ-ების შემდეგი სახეობები: სახელმწიფო, სამოხელეო, საფეოდალო, ექსტრაორდინარული, ანუ ფეოდალის ოჯახში მომხდარ რაიმე შემთხვევასთან (ქორწილი, სიკვდილი და სხვ.) დაკავშირებული და საეკლ. გ-ები. გვიანფეოდალურ საქართველოში არსებობდა როგორც შრომამიგებითი რენტა და რენტა პროდუქტებით, ასევე ფულადი რენტა. სასაქონლო ურთიერთობების განვითარების კვალობაზე ბატონყმური მეურნეობა გლეხისაგან ითხოვდა უპირატესად ფულად რენტას, ფულად გ-ს (ღალას).
საქართველოს რუს. იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის სხვადასხვა პერიოდში არსებობდა სხვადასხვა სახის გ.: სამხ.-სასურსათო, საპოლიციო, ვაჭრობის, საკლავის (დასაკლავად ჩამორეკილი პირუტყვის თითეულ სულზე), ე. წ. „მახტა“ (ქონებრივი გ.) და სხვა, რ-საც იხდიდა სახაზინო, საბატონო და საეკლ. გლეხობა, ქალაქად ‒ ვაჭრები და ხელოსნები.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918–21) ძირითადად მოქმედებდა მეფის რუსეთის დროს დამკვიდრებული საგადასახადო წესები. საბჭ. პერიოდში გ-ები მრავალჯერ შეიცვალა. ძირითადი გახდა საწარმოთა გ-ები, რ-საც სოციალ. საწარმოები ბიუჯეტში იხდიდნენ ბრუნვიდან, მოგებიდან და სხვა შემოსავლებიდან. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991) შემდეგ დაიწყო საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ახ. საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბება. 2005 საგადასახადო რეფორმის შედეგად სხვადასხვა სახის ჩვიდმეტი გ. შეიცვალა შვიდი სახის გ-ით; 2010 კი განისაზღვრა ექვსი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი (საშემოსავლო, მოგების, დამატებული ღირებულების, იმპორტის გ-ები და აქციზი) და ერთი ადგილ. გ. (ქონების გ.). ქვეყნის ადმ.-ტერ. მოწყობის შესაბამისად ჩამოყალიბდა სამდონიანი საბიუჯეტო სისტემა: სახელმწ., ავტონ. რესპუბლიკების და ადგილ. ბიუჯეტები, აგრეთვე ორდონიანი საგადასახადო სისტემა: საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილ. გ-ები. ავტონ. რესპუბლიკების გ-ები ადგილ. გ-ებს მიეკუთვნა.
ლიტ.: ურიდია გ., საგადასახადო ენციკლოპედია, თბ., 2016; ჩანტლაძე ვ., ფინანსური მეცნიერების საფუძვლები, თბ., 2004; ჩანტლაძე ვ., შოთა რუსთაველის ეკონომიკური შეხედულებები, თბ., 1992.
მ. თოქმაზიშვილი