გადაწყვეტილებათა მიღების თეორია, ახალი მეცნიერული მიმართულება, რ-იც წარმოიშვა ჩვენი საუკუნის 50–60-იან წლებში ფსიქოლოგიის, კიბერნეტიკისა და მათემატიკის საფუძველზე. გ. მ. თ. შეისწავლის ალტერნატივათა შეფასების, შედარებისა და საუკეთესოს არჩევის პროცესებს და მათთან დაკავშირებულ ამოცანებს. ამის გამო გ. მ. თ-ის ზოგჯერ „არჩევის თეორიასაც“ უწოდებენ. გ. მ. თ-ში გამოყენებულია გამოკვლევის შემდეგი მეთოდები: თეორ. (სათანადო კანონების ჩამოყალიბება თეორემების დამტკიცების გზით), მათ. და რიცხვითი (მანქანური) მოდელირება ელექტრონულ გამოთვლით მანქანაზე (ეგმ), აქსიომატური მიდგომა, ფსიქოლ., ევრისტიკული და რიცხვითი (მანქანური) ექსპერიმენტი ეგმ-ზე. თეორ. და ექსპერ. გამოკვლევების საფუძველზე იქმნება გადაწყვეტილებათა მიღების სხვადასხვა სახის მანქანურ-ადამიანური (დიალოგური) პროცედურები, რ-ებიც ინერგება ეკონ. დარგებში. ნებისმიერ გადაწყვეტილებათა მიღების მოდელი მოიცავს შემდეგ ელემენტებს; გადაწყვეტილების მიმღები პირი (გმპ.), საკონკურსო გადაწყვეტილებათა სიმრავლე, გადაწყვეტილებათა შედარების წესი, ამოცანის ინფორმაციული ასპექტი, არჩევის წესი. გარკვეული მოსაზრებით საუკეთესო ან გმპ-თვის მისაღები გადაწყვეტილება უნდა შეირჩეს თავდაპირველად მოცემული საკონკურსო გადაწყვეტილებათა სიმრავლიდან. არჩევა ხდება გადაწყვეტილებათა შედარების გზით. ამ შემთხვევაში გამოიყენება ე. წ. ეფექტურობის კრიტერიუმი (შეფასების ფუნქცია, მიზნის ფუნქცია, სარგებლიანობის ფუნქცია) ან ბინარული დამოკიდებულება.
ამჟამად გ. მ. თ. საკმაოდ ჩამოყალიბებული და დამუშავებულია, შეიცავს მრავალ საინტერესო შედეგს და ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში. გ. მ. თ-ის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს იტალ. მეცნიერმა ვ. პარეტომ (პარეტო დომინირების ჩამოყალიბება) და ამერ. მეცნიერებმა ჯ. ფონ ნოიმანმა, ო. მორგენშტერნმა (თამაშთა თეორია და სარგებლიანობის თეორია), ა. ვალდმა (გადაწყვეტილებათა მიღების სტატისტიკური თეორია), ლ. ზადემ (გადაწყვეტილებათა მიღების მრავალკრიტერიუმიანი ამოცანები და ბუნდოვან სიმრავლეთა თეორია), რ. ლიუსიმ, ჰ. რაიფამ (აქსიომატური მიდგომა და გადაწყვეტილებათა მიღება რისკის შემთხვევაში), პ. ფიშბერნმა (თანამედროვე სარგებლიანობის თეორია), ტ. საატიმ (იერარქიული სტრუქტურები) და სხვ.
საქართველოში გ. მ. თ-ის განვითარება, რ-იც 60-იან წლებში დაიწყო, დაკავშირებულია მ. სალუქვაძის სახელთან. მისი მონოგრაფია თარგმნილია აშშ-ში, ხოლო ტერმ. „სალუქვაძის ამოხსნა“ გავრცელებულია გ. მ. თ-ის სპეციალისტთა შორის. მსოფლიოში აღიარებულია l-დონიანი პარეტო-ეფექტური სტრუქტურები და გადაწყვეტილებათა მიღების მრავალკრიტერიუმიანი მოდელები ბუნდოვანი ინფორმაციის შემთხვევაში, რ-ებიც დამუშავებულია საქართვ. მეცნ. აკად. კიბერნეტიკის ინ-ტის „გადაწყვეტილებათა მიღების თეორიის“ ლაბორატორიაში (ვ. ჟუკოვინი).
ლიტ.: Жуковин В. Е., Модели и процедуры принятия решений, Тб., 1981; Ларичев О. И., Наука и искусство принятия решений, М., 1979; Льюс Р. Д., Райфа Х., Игры и решения, пер. с англ., М., 1961.
ვ. ჟუკოვინი