გრძელთითა წყლის ბიგა, (Neomys fodiens leptodactylus), ძუძუმწოვარი ცხოველი ბიგასებრთა ოჯახისა. ტანად პატარაა, გარეგნულად სახლის თაგვს ჩამოჰგავს. სხეული დაფარულია გრძელი ბალნით. გავრცელებულია ზ. დ. 2600 მ-მდე. ბინადრობს ტყეებში, წყალსატევების ახლოს, კარგად ცურავს და ყვინთავს. ცხოვრობს სოროში, რ-საც თვითონ თხრის, ან სხვის მიტოვებულში სახლდება. წელიწადში შობს 3–8 ნაშიერს. იკვებება მწერებით, მათი მატლებით, კიბოსნაირებით, ლიფსიტებით, პატარა თევზებით. საქართვ. ფარგლებში გვხვდება ახალქალაქისა და ბაკურიანის მიდამოებში, ფშავში, სვანეთში. საქართველოს გარდა, გ. წ. ბ. გვხვდება ჩრდ. კავკასიაში, რუს. ევრ. ნაწილში, აზერბაიჯანში. იკვებება ქვირითითა და ლიფსიტებით, რის გამოც ზიანს აყენებს თევზის მეურნეობებს.
ვ. ფირცხელაური