გაზეთი

გაზეთი, პერიოდული გამოცემა, რ-შიც იბეჭდება ოფიციალური მასალები, ოპერატიული ინფორმაციები და სტატიები აქტუალურ საზ.-პოლიტ., ეკონ.-საწარმოო, სამეცნ., კულტ., სპორტ. და სხვა საკითხებზე, აგრეთვე ლიტ. ნაწარმოებები, ფოტოსურათები, სარეკლამო ცნობები და სხვ. გ. მასობრივი პროპაგანდისა და ინფორმაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. იგი ამა თუ იმ საზოგადოებრივი ჯგუფისა თუ პარტიის პოლიტიკისა და იდეოლოგიის გამტარებელია. მისი ძირითადი და მთავარი ნიშანია ყოველმხრივობა, უნივერსალობა. სხვა პერიოდული გამოცემისაგან გ. განსხვავდება ფორმატით, მოცულობით, გამოცემის სიხშირით (ყოველდღიური, ყოველკვირეული, კვირაში რამდენჯერმე და ა. შ.), დაბეჭდილი მასალების ფორმებისა და ჟანრების მრავალფეროვნებით. გ-ში იბეჭდება შენიშვნა, ქრონიკა, ანგარიში, ინტერვიუ, რეპორტაჟი, კორესპონდენცია, ნარკვევი, ჩანახატი, სტატია, წერილი, მიმოხილვა, რეცენზია, ფელეტონი, პამფლეტი, კომენტარები. ქვეყნდება აგრეთვე პოლიტ. დოკუმენტები, მკითხველთა წერილები და სხვ. გ-სთვის დამახასიათებელია ინფორმაციის შეტყობინების შედარებით მაღალი ოპერატიულობა. მუდმივი პერიოდულობით გ-ის რეგულარული გამოსვლა უზრუნველყოფს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებების ასახვის უწყვეტობას, სინამდვილის, განვითარების პროცესის ყველა არსებითი მომენტის ფიქსაციას. ინფორმაციის შეკრება და გავრცელება ჯერ კიდევ შორეულ წარსულში დაიწყო (ცალკეული ცნობების გადაცემა ზეპირად ან წერილობით ძვ. ეგვიპტეში, განცხადებების დაფები ძვ. რომსა და ჩინეთში, ბიულეტენები იულიუს კეისრის ეპოქის რომში). ევროპაში პირველი შედარებით რეგულარული გ-ები გამოდიოდა სტრასბურგში – 1609, ლონდონში – 1622, პარიზში – 1631, იტალიაში – 1639–46. რუსეთში გ-ის პირველსახე იყო ხელნაწერი მოამბე „ვესტოვიე პისმა, ილი კურანტი“ (1621), ხოლო პირველი ნაბეჭდი გ. „ვედომოსტი“ 1702 გამოვიდა პეტრე I-ის ბრძანებით. გ-ების როლი საზ. ცხოვრებაში თანდათან იზრდებოდა. უკვე XIX ს-ში თითოეული ძლიერი პოლიტ. მიმდინარეობა ცდილობდა საკუთარი გ. ჰქონოდა. ქართ. ენაზე პირველი გ. – „საქართველოს გაზეთი“ – 1819 გამოვიდა (1820-იდან „ქართული გაზეთი“ ეწოდა). 1828–32 გამოდიოდა „ტფილისის უწყებანი“, ხოლო XIX ს. II ნახევრიდან დაიწყო ქართ. ეროვნ. პრესის ინტენსიური განვითარება. ამ პერიოდში გამოდიოდა გ-ები: „დროება“, „ივერია“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“ და სხვ., რ-ებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართვ. კულტ.-საზ. ცხოვრებაში, ჟურნალისტურ.-პუბლიც. სკოლისა და ტრადიციების ჩამოყალიბებასა და ეროვნ. თვითშეგნების გაღვიძებაში. საქართველოში გ-ის გამოცემა ფართოდ განვითარდა XX ს. პირველ ოცწლეულში. 1900–21 გამოდიოდა სხვადასხვა პოლიტ. მრწამსის 470-მდე პერიოდული პრესის ორგანო, მ. შ. სოციალ-დემოკრატიული, სოციალისტ.-ფედერალისტური, ეროვნულ-დემოკრატიული, ანარქისტული და სხვა პარტიების გამოცემები, აგრეთვე უპარტიო და დარგობრივი გ-ები, რ-ებშიც საზ. აზრი ფართო სპექტრით იყო წარმოდგენილი, აისახებოდა ასევე საქართვ. პოლიტ. და ინტელექტუალური ცხოვრება. რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის, იარაღის ძალით მისი დამოუკიდებლობის ლიკვიდაციის შემდეგ მთელ საბჭ. პერიოდში გ-ებს, როგორც წესი, კომუნისტური პარტიის იდეოლოგიური დიქტატის პირობებში უხდებოდა მუშაობა. ქართველ ხალხს მხოლოდ უკანასკნელ წლებში მიეცა აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება, მომრავლდა განსხვავებული პროფილისა და მიმართულების მქონე გ-ები. პერიოდულ პრესაში, მ. შ. გ-ებშიც, მკვეთრად შეინიშნება დიფერენციაციის პროცესი, რათა მაქსიმალურად მოიცვას პოტენციურ მკითხველთა მთელი მასა. ერთი სახის გ-ების განმასხვავებელი ნიშნები განისაზღვრება მათი აუდიტორიის დემოგრაფიულ თავისებურებებზე ორიენტაციით (მკითხველის ასაკი, სქესი ან ეროვნება). სხვა გამოცემების ორიენტაცია მიმართულია აუდიტორიის სოც. შემადგენლობისადმი, მისი პროფესიისადმი ან მისი მონაწილეობისადმი საზოგადოებრივი ცხოვრების რომელიმე სფეროში (ეკონომიკა, ლიტერატურა, სპორტი და ა. შ.). გ-ები განსხვავდება აგრეთვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ნიშნით და ორიენტირებულია ქვეყნის რომელიმე რეგიონის მოსახლეობაზე. დღესდღეობით საქართველოში არსებობს ქართული ბეჭდვითი თუ ინტერნეტგამოცემები, რ-ებიც გამოირჩევა მიუკერძოებლობით, ინფორმაციის სიზუსტითა და მაღალი სტანდარტების დაცვით. ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის“ გაზეთების ფონდი წარმოგიდგენთ საქართვ. პარლამენტის ეროვნ. ბიბლიოთეკაში დაცული გაზეთების ელექტრონულ ვერსიებს, რ-თა დათვალიერება შესაძლებელია გამოცემის თარიღისა და სათაურის მიხედვით.

შ. გაგოშიძე

თ. დოლიძე