„გაზეთის სტატიების მატიანე“

„გაზეთის სტატიების მატიანე“, სახელმწიფო ბიბლიოგრაფიის ორგანო, რ-საც 1934-იდან გამოსცემს სულხან-საბა ორბელიანის სახ. საქართვ. სახელმწ. წიგნის პალატა (1938-მდე ეწოდებოდა „გაზეთის მატიანე“). პირველი რედაქტორი იყო მ. ბერძენიშვილი (1934). წლების განმავლობაში იცვლებოდა მისი პერიოდულობა. 1937 არ გამოცემულა. „გ. ს. მ.“ იყო ორკვირეული ბიბლიოგრაფიული ჟურნალი, რ-იც აღწერდა საქართველოს ტერიტორიაზე ქართ. და რუს. ენებზე გამოცემული რესპუბლიკური, საოლქო, საქალაქო, რ-ნული, საუწყებო და ძირეული გაზეთების სტატიებს, დოკუმენტურ მასალას, ნარკვევებსა და მხატვრულ ნაწარმოებებს. მასალის განლაგება სისტემატური იყო სათანადოდ დადგენილი საკლასიფიკაციო სქემის მიხედვით, რ-იც 50 განყ-ბას მოიცავდა და მკითხველს ეხმარებოდა საგაზეთო მასალების თემატურ შერჩევაში. ჟურნალის ყოველ ნომერს დართული ჰქონდა გეოგრ. სახელთა საძიებლები ქართ. და რუს. ენებზე. ყოველი წლის დასაწყისში „გ. ს. მ-ის“ N1-ში თავსდებოდა სია იმ პერიოდული გამოცემებისა, საიდანაც ბიბლიოგრაფირებული იყო მასალა გამოცემისათვის. 1997 „გ. ს. მ-ს“ გამოცემა შეწყდა და ჟურნალის ეგზემპლარები გადაეცა საქართვ. პარლამენტის ეროვნ. ბიბლიოთეკის საარქივო ფონდს.