გაიმი

გაიმი, ქართული წარმართული პანთეონის ღვთაება, ერთ-ერთი „ძუელი ღმერთი მამათა ჩუენთა“. ქართ. ისტ. ტრადიცია მას, გაცთან ერთად, არიან-ქართლიდან შემოტანილად თვლის. მეფე ფარნავაზის მიერ შექმნილი არმაზის კულტის სამეულის (არმაზი – გაცი – გაიმი) ერთ-ერთი არაძირითადი, მამაკაცი ღვთაება. მისი ვერცხლის კერპი იდგა არმაზის კერპის მარცხ. მხარეს. არმაზის უზენაესობით შექმნილ ღვთაებათა სამეულში (შდრ. ღვთაებათა სამეულები ხეთურ-ხურიტულ სამყაროში: იშთარი–ნინათა–ქულითა; ტაროსი–ხაცი–ნამნი და სხვ.) მას უნდა ჰქონოდა, გაცთან ერთად, არმაზის მცველი ან მსახური ღვთაების ფუნქცია, ამავე დროს იყო „ყოვლისა დაფარულისა გამომძიებელი“. გ-ის ეტიმოლოგიის ახსნას მნიშვნელოვნად ართულებს ის გარემოება, რომ სხვადასხვა წყაროში ეს სახელწოდება სხვადასხვა ფორმით გვხვდება: გა, გაი, გ., გაიმ, გაიმა, გიმ. ნ. მარი ამ ღვთაების სახელს უკავშირებდა ფინიკიურ, პალმირულ, ნაბატეურ და სხვ. აღმოსავლურ წყაროებში მოხსენიებულ („ალგა“) ღვთაების სახელს, აგრეთვე ბიბლიის ქართ. თარგმანების „გაის“, რ-იც პალესტინის ერთ-ერთი ქვეყნის სახელწოდება იყო. ზოგიერთი მკვლევარი (დ. ჩუბინაშვილი) გ-ს აიგივებდა წინასწარმეტყველ იერემიას წიგნის (49 : 3) ღვთაება „გაი-ს“ სახელთან („რამეთუ მოსპო ძალი გაისაჲ“), რ-იც იგივე სემიტური წარმოშობის ღვთაება „ალ-გა“, ანუ „გაი“ უნდა იყოს. გამორიცხული არ არის გ-ის მცირეაზიული წარმომავლობაც.

გ. გიორგაძე