გალაევი ბორის ალექსანდრეს ძე

გალაევი (გალაითი) ბორის ალექსანდრეს ძე [10 (22). III. 1889, ქ. ჩერნოიარსკი, თერგის ოლქი, – 29. XII. 1973, ცხინვალი], ოსი კომპოზიტორი და ფოლკლორისტი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1940). 1909 დაამთავრა პეტერბ. რეალური სასწავლებელი. 1914–17 თერგის დივიზიის სამხ. ორკესტრის კაპელმაისტერი იყო. პროფ. მუს. განათლება მიიღო ლენინგრ. ცენტრ. მუს. სასწავლებელში (1927 – 32). 1932-იდან ცხინვალში ცხოვრობდა. 1937–51 გ. მის მიერვე დაარსებული ოსური ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, 1941– 43 – ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახ. სახელმწ. დრამ. თეატრის დირექტორი.

გ-ის ნაწარმოებებია: მუს. დრამა „ნართი ბათრაძი“ (დაიდგა 1942), მუს. კომედია „სასიძო“ (დაიდგა 1943), მუსიკა სპექტაკლებისათვის, სიმღერები, გუნდები, რომანსები, მუსიკა ფილმისათვის „ფატიმა“ (თანაავტ. ა. კერესელიძე). მუსიკალურად გააფორმა 30-ზე მეტი დრამ. პიესა, მ. შ. ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“. შეკრიბა და გამოსცა (თანაავტ. ე. გიპიუსი) „ოსური ხალხური სიმღერების“ კრებული (მოსკოვი,1964) და სხვ.