გალავანი

გალავანი

1. ძვ. ქალაქის, ციხის, არქიტექტურული კომპლექსის (სასახლის, მონასტრის და ა. შ.) ირგვლივ შემოვლებული ქვის ან აგურის კედელი, რ-საც თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა. გ-ის სისტემაში, უმეტეს შემთხვევაში, ჩართულია სხვადასხვა სახის საფორტიფიკაციო ელემენტები – საბრძოლო კოშკები, ქონგურები, სალოდეები (დუროები), ბურჯები და შესასვლელი კარიბჭეები. ქალაქის გალავანში კარიბჭეები ჩვეულებრივ იმ ადგილებში ეწყობოდა, სადაც მას საქარავნო თუ სხვა სახის გზები ადგებოდა. მაგალითად – თბილისის გ-ში იყო განჯის კარი, კოჯრის კარი, დიღმის კარი, მიმართული შესაბამის დასახლ. პუნქტებში მიმავალი გზებისკენ.

2. სათავდაცვო ნაგებობის ტიპი XVIII ს. ქართლ-კახეთში. ჩვეულებრივ, გეგმით კვადრ. ან სწორკუთხა კედელშემოვლებული ეზო, რ-საც ჰქონდა ფართო ჭიშკარი და კოშკები (სხვა ნაგებობებიდან ზოგ გ-ში გვხვდება აგრეთვე მცირე ეკლესია). გ-ის ფუნქცია სავსებით გარკვეულია – მტრის შემოსევის დროს ამა თუ იმ კუთხის მოსახლეობის შეხიზვნა სარჩო-საბადებლიანად, უპირველეს ყოვლისა, საქონლიანად. ჩვეულებრივ შენდებოდა ვაკე ადგილას, სადაც მჭიდრო მოსახლეობა იყო. გ-ის დანიშნულებას ასრულებდა ცალკეული ეკლესიების (მაგ., სვეტიცხოვლის) ზღუდეებიც. დას. საქართველოში არ შემუშავებულა გ-ის სპეციფ. ტიპი, რ-საც ქართლსა და კახეთში ვხვდებით, თუმცა მოსახლეობის გასახიზნავად კოშკებს, ციხეებსა და ეკლესია-მონასტრების ზღუდეებს, უეჭველია, აქაც იყენებდნენ.

ვ. ბერიძე