გალი

გალი, ქალაქი (1932-იდან) დას. საქართველოში, აფხაზეთში. გალის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდ. ერისწყლის მარცხ. ნაპირას, თბილის–სოხუმის რკინიგზისა და საავტ. მაგისტრალზე. რკინიგზის სადგური. ზ. დ. 48 მ, სოხუმიდან 83 კმ, თბილისიდან 361 კმ. 15,7 ათ. მცხ. (1991). ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. საშ. წლ. ტემპ-რა 13,7ºC, იანვ. 4,5ºC, ივლ. 22,8ºC. ნალექები 1650 მმ წელიწადში.

გ-ის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში უცხოვრია. ნაპოვნია აგრეთვე ნეოლითის ხანის კაჟის იარაღები და ბრინჯაოს ნივთები. გ. აღნიშნულია იტალ. მისიონერის არქანჯელო ლამბერტის მიერ შედგენილ რუკაზე (1654) გოგიელის სახელწოდებით. ამ დროს იგი ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროში შედიოდა. XVIII ს. დასაწყისიდან შევიდა სამურზაყანოს შემადგენლობაში. 1906 სამურზაყანოს ცენტრი ოქუმიდან გ-ში გადაიტანეს. 1928–30 წლებში გალის მაზრის ცენტრი იყო, 1931-იდან – გალის რ-ნისა.

გ-ში იყო ჩაის პირველადი გადასამუშ. 2 ფ-კა, ხის დასამზადებელი და დასამუშ. კომბინატი, საკონსერვო და ლიმონათის ქ-ნები, 11 ბაგა-ბაღი, 4 საშ. ზოგადსაგანმან. სკოლა, მოსწავლეთა სახლი, 2 სამუსიკო სკოლა, სპორტ. სკოლა, მრავალდარგოვანი სასწავლებელი, ბ-კა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კინოთეატრი, სახალხო თეატრი, საცხენოსნო სპორტ. კლუბი, საავადმყოფო (250 საწოლი), 2 პოლიკლინიკა, დისპანსერი აფთიაქი, კავშირგაბმ. განყ-ბა, სტამბა. 1979 დამტკიცდა გ-ის განაშენიანების გენ. გეგმა (არქიტექტორები რ. ხატიაშვილი ი. ხუციშვილი, ეკონომისტი ლ. მაქაცარია).

გ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ვ. ჯაოშვილი

თ. ბერაძე

ე. ბაგრატიონი