გალ-იერდი

გალ-იერდი, ქრისტიანობისდროინდელი ხუროთმოძღვრული ძეგლი ინგუშეთში, სოფ. ეგენტის მახლობლად, წყალგამყოფ ქედზე, სოფ. ხულისკენ მიმავალი სამანქანო გზიდან 1,5 კმ-ზე. ჯერ კიდევ გასული საუკ. II ნახევარში ინგუშეთში გამოვლენილ იქნა ქრისტიანობის დამადასტურებელი ფაქტები და მასთან დაკავშირებული რამდენიმე ძეგლი. სოფლის მოშორებით, შემაღლებულ ადგილზე შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები. ნაგებობა გეგმით ოდნავ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. წყობაში სხვადასხვა ზომის ქვა და კირის ხსნარია გამოყენებული. შესასვლელი სამხრ-იდან აქვს, კარს ნახევარწრიული თაღი აგვირგვინებს. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. შიგნით და გარედან შელესილი ყოფილა კირის ხსნარით, გადახურული – ერთქანობიანი ფიქლისფილებიანი სახურავით. ინტერიერში აღმ. კედელთან მოწყობილ ქვის საკურთხეველში ერთმანეთის თავზე 2 ნიშია, როგორც ჩანს, ხატებისთვის დატანებული. გარს ერტყა გალავანი, რ-ის კედელშიც დასაჯდომად განკუთვნილი 21 ნიში იყო გაკეთებული. ინგუშები დიდ პატივს სცემდნენ გ-ს, სწირავდნენ მას ნანადირევის რქებს, ახლად ჩამოსხმულ ტყვიებს, ანთებდნენ სანთლებს; ზაფხულობით სწირავდნენ ძროხას, თხას; აღნიშნავდნენ სადღესასწაულო დღეებს. თითოეული გვარი შესაწირავს გალავნის კედლებში მოწყობილ, მისთვის განკუთვნილ ნიშში დებდა. რიტუალი შერწყმული იყო წარმართულ ელემენტებთან.

გ-ის არქიტექტურა ერთი მხრივ ინგუშეთში გავრცელებული შენობების ტიპური ნიმუშია, მეორე მხრივ კი გადმოცემები და ტრადიცია მას ქრისტიანობას და საქართველოს უკავშირებს, რადგან ქრისტ. გავლენა საქართველოდან მოდიოდა. მთის პირობებში ქრისტიანობას სხვა გზა არ ჰქონდა, იგი უნდა შერწყმოდა ადგილ. წარმართულ ტრადიციას, რათა უფრო გასაგები და მისაღები გამხდარიყო მთიელთათვის.

ლიტ.: ხუციშვილი ლ., გალ-ერდი – ქრისტიანობის დროინდელი ძეგლი ინგუშეთში, «ძეგლის მეგობარი», 1983, № 64.