გრძელფეხა სცინკი

გრძელფეხა სცინკი

გრძელფეხა სცინკი, (Eumeces schneideri), ხვლიკი სცინკისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდ. აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთ კუნძულზე, წინა აზიაში, აღმ-ით ავღანეთამდე და ჩრდ.-დასით ინდოეთამდე; აგრეთვე სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთით და შუა აზიის სამხრ. რ-ნებში. საქართველოში გვხვდება აღმ. ნაწილში – დავითგარეჯაში, შირაქში, ქვემო ქართლში. ბინადრობს ქსეროფიტულ ადგილებში. თავს აფარებს ქვებს, კლდის ნაპრალებს, მღრღნელების სოროებს (ზოგჯერ სოროს თვითონვე თხრის). დიდი გ. ს-ის სხეულის სიგრძე 43 სმ აღწევს. მოზრდილი ცხოველი, განსაკუთრებით მამალი, ძლიერ იკბინება. გაზაფხულსა და ადრე ზაფხულში აქტიურია ძირითადად დღისით, შუა ზაფხულში – დილას და საღამოს, ხოლო ზაფხულის მიწურულში ეძლევა ზაფხულის ძილს. იკვებება მწერებით, ობობებით, ლოკოკინებით, ზოგჯერ წვრილ-წვრილი ხვლიკებით, უხერხემლოებით, ჭამს თუთასაც. დებს 9 კვერცხს. ძალზე იშვიათი სახეობაა და შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში".

თ. მუსხელიშვილი