გამაწბილებელი სასჯელი

გამაწბილებელი სასჯელი, სახალხოდ შემარცხვენელი დასჯითი ღონისძიება, რ-ის ძირითადი მიზანია დამნაშავის ზნეობრივი დამცირება, მისი პატივისა და ღირსების შებღალვა (ფიზ. ტანჯვას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება). ფეოდ. საქართველოში მძიმე საუპატიო სასჯელად ითვლებოდა სამხედრო და რაინდობის უფლების აყრა – ლაშქართა შიგან არშეშვება, რაც დამნაშავეს ზნეობრივ სიკვდილს უქადიდა. გ. ს-თაგან უფრო მეტად ცნობილი იყო ყელზე გამობმული საბლით ქუჩა-ქუჩა ტარება, მამაკაცისათვის ქალის სამოსლის ჩაცმევა („სადედოთა შთაცუმა“), გაპარსვა ანუ გაკრეჭა, აგრეთვე ვირზე შესმა, რ-ითაც სჯიდნენ მრუშებს, მუცლის მოშლაში მხილებულთ და სხვ. (წყაროებში იხსენიება V ს-იდან, საჯაროდ იყენებდნენ XX ს-მდე). ქართვ. მეფეებს მოღალატის მიმართ ასეთი გ. ს. ჰქონდათ დაწესებული: დამნაშავეს თავზე ნაცარი უნდა დაეყარა და საჯაროდ ეთქვა: „ესემცა არს მისაგებელი ორგულთა მეფეთასა“. გ. ს-ს მიმართავდნენ როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელადაც. წარჩინებული წოდების წარმომადგენლებს შეეძლოთ ფულადი ჯარიმის გადახდით თავიდან აეცდინათ გ. ს.

ლიტ.: ნადარეიშვილი გ., საჯარო სასჯელები გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში, «საბჭოთა სამართალი», 1967, № 1; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად. ტ. 7).

გ. ნადარეიშვილი