გამბუზია

გამბუზია (Gambusia affinis), თევზი კობრისკბილასნაირთა რიგისა. დედალი გ-ის სხეულის სიგრძე 6 სმ აღწევს, მამლისა – 3,5 სმ. ცოცხლადმშობი თევზია. განაყოფიერება შინაგანია და ქვირითი დედლის სხეულში ვითარდება. ზაფხულში იძლევა 6 თაობას, თითო ნაყარში 15-იდან 100-ზე მეტი ლიფსიტაა. გ. ბინადრობს პატარა, დამდგარ წყალსატევებში. სითბოს მოყვარული თევზია, 10°C-ზე დაბალი ტემპ-რის დროს ლამში ეფლობა და ძილს ეძლევა. იკვებება მალარიის კოღოს მატლებითა და ჭუპრებით, წყლის ცხოველებით, სხვადასხვა თევზების ქვირითითა და საკუთარი ლიფსიტებითაც კი. გ-ის სამშობლოა ჩრდ. ამერიკა, საიდანაც აკლიმატიზებულია სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში იტალიიდან შემოიყვანა ექიმმა ნ. რუხაძემ 1925. იგი კარგად შეეგუა ჩვენი ქვეყნის ეკოლ. პირობებს და ფართოდ გამოიყენეს მალარიის კოღოებთან საბრძოლველად. თევზმეურნეობას შეიძლება ზიანიც მოუტანოს.