გრძელფრთიანი ღამურა, (Miniopterus schreibersi), ძუძუმწოვარი ცხოველი ხელფრთიანების რიგისა. გავრცელებულია სამხრ. ევროპაში, ჩრდ. აფრიკაში, აზიაში, ავსტრალიაში. საქართველოში გვხვდება ამ რიგის ერთი სახეობა. რეგისტრირებულია ბათუმში, სოხუმში, ზუგდიდში, თბილისსა და მის შემოგარენში. ბინადრობს ტაძრებისა და სამრეკლოების გუმბათებს ქვეშ, სახლების სხვენში, გამოქვაბულებში, ხის ფუღუროებში. შემოდგომით დიდდიდ გუნდებად მიფრინავს სამხრით (ინდოეთი, აფრ. კონტინენტი). მაისის ბოლოს – ივნისში შობს 1–2 ნაშიერს. მშობიარობის პერიოდი დამოკიდებულია გაზაფხულის ხასიათზე, ცხოველის ზამთრის ძილიდან გამოსვლის დროზე. გ. ღ. სასარგებლო ცხოველია, ანადგურებს მავნე მწერებს. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში".
ს. სალაყაია