ბრეთი

ბრეთი, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. აღმოსავლეთის ფრონის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., არადეთი, დოღლაური, საღოლაშენი, წვერი). ზ. დ. 710 მ, ქარელიდან 9 კმ. 899 ათ. მცხ. (2014). ბ-ში დაიბადა მწერალი შიო მღვიმელი.

შუა საუკუნეებში ბ-ში მამულებს ფლობდნენ დავითაშვილები და ავალიშვილები. 1865 ბ. გორის მაზრის სურამის საპოლიციო უბნის სოფელი იყო, სადაც 120 კომლი ცხოვრობდა. სოფლის შუაგულში დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. გიორგის ეკლესია, აქვს მეორე სახელიც – მამა პიროსი. დაკავშირებულია ერთ-ერთი ასურელი მამის – პიროს ბრეთელის სახელთან. პიროს ბრეთელი იოანე ზედაზნელმა გაგზავნა ზენა სოფელში ანუ ქართლში სამოღვაწეოდ.

ვახუშტი ბატონიშვილი მიუთითებს აქ მონასტრის არსებობაზე და აღნიშნავს, რომ იგი დააარსა მამა პიროსმა და თვითონაც აქვეა დაკრძალული. ეკლესიის საკურთხევლის წინ მდებარე მოგრძო ქვა ითვლება პიროსის საფლავის ქვად. დღეისათვის ეკლესიის გარდა სხვა სამონასტრო ნაგებობების კვალი არ ჩანს. ეკლესიის შესწავლამ ცხადყო, რომ იგი ორი სამშენებლო ფენისაგან შედგება: პირველი არის VI ს. II ნახევრისა, როდესაც აქ პიროსმა და მისმა მოწაფეებმა ეგვტერი ააგეს, და მეორე – VIII–IX სს-ისა (წმ. გიორგის ეკლესია), როდესაც მონასტრის გაზრდილი მოთხოვნილებების გამო საჭირო გახდა უფრო დიდი ეკლესიების აშენება, რისთვისაც ამ დროისათვის უკვე დაზიანებული ეგვტერი შეაკეთეს და ორგანულად დაუკავშირეს მოგვიანებით აგებულ დიდ ეკლესიას (ეგვტერს ერთადერთი შესასვლელი მხოლოდ ეკლესიიდან აქვს).

ეკლესიის ძირითადი ნავი წარმოადგენს წაგრძელებული ფორმის სწორკუთხედს, რ-ის საკურთხევლის აფსიდი კედლის სიბრტყეშია მოქცეული. შინაგანი სივრცე ორ მონაკვეთადაა დანაწევრებული პილასტრების ერთი წყვილით, რ-ებზედაც ამოყვანილ საბჯენ თაღზე კამარაა დაყრდნობილი. პილასტრებსავე ეყრდნობა კედლის დეკორ. თაღებიც. ნაგებობის სამხრეთისა და ჩრდილოეთის ერთმანეთთან დაკავშირებული მინაშენებით შექმნილია გარსშემოსავლელი. ორივე გადახურულია ნახევარწრიული კამარით. სამხრ. მინაშენი აღმ-ით დასრულებულია ასევე კედლის სიბრტყეში მოქცეული ნახევარწრიული აფსიდით. ეკლესიას შიგნით 3 კარი აქვს, ხოლო ერთადერთი შესასვლელი გარედან, სამხრ. გარშემოსავლელის კედლის შუაშია გაჭრილი. იატაკი მიწის გარეთა დონესთან შედარებით 1 მ-ით დაბლაა და ჩასასვლელად კიბეა მოწყობილი. ძეგლი ნაგებია ნატეხი ქვით, შელესილია. გარსშემოსავლელის სამხრ.-დას. კუთხეზე სამრეკლო დგას.

ძეგლს მრავალი შეკეთების კვალი ეტყობა. საფუძვლიანად შეუკეთებიათ XIX ს. შუა წლებში. უკანასკნელი XX ს. 50-იან წლებშია შესრულებული. მას შესაძლებლობისდაგვარად დაბრუნებული აქვს თავდაპირველი სახე – გადახურულია კრამიტით, ამოშენებულია დანგრეული ნაწილები, ქართ. აგურითაა აღდგენილი მინაშენის კარნიზები.

სამეცნ. ლიტ-რაში ცნობილია ბ-ის სიძველენი – შუა საუკ. ოქრომჭედლობის რამდენიმე თვალსაჩინო ნიმუში – საწინამძღვრო ჯვარი, იოანე ნათლისმცემლის ხატი და სხვ. (იხ. სტ. გაბრიელ საფარელი).

ლიტ.: გ ვ ა ს ა ლ ი ა  ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, კრ.: საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, [ტ] 7, თბ., 1989; ს ა ნ ი კ ი ძ ე  თ., ბრეთის „მამა პიროსი“, «ძეგლის მეგობარი», 1974, № 35; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990.

ჯ. გვასალია

თ. სანიკიძე