გიორგი IV გურიელი, გურიის მთავარი 1711–26 (დროგამოშვებით), მამია III გურიელის ძე.
1711 გურიელად დასვა მამამისმა, რ-იც მაშინ იმერეთის მეფე იყო. 1712–14 ტახტი წაართვა ძმამ – ლევან გურიელმა. 1716 გიორგი იმერეთში გაამეფა ჯარით შემოსულმა ახალციხის ფაშამ, მაგრამ მალე იძულებული გახდა გურიაში დაბრუნებულიყო. 1717 გააძევა ძმამ – ქაიხოსრო III გურიელმა, თუმცა ოსმალთა დახმარებით ტახტი მალევე დაიბრუნა. იმავე წელს (1717) ბეჟან დადიანმა გააძევა სამთავროდან. ამჯერადაც მაშინვე შეძლო ძალაუფლების აღდგენა.
გ. IV გ-ს ახლო კავშირი ჰქონდა ვახტანგ VI-თან და მისი შემწეობით ცდილობდა ოსმალთა მიერ მიტაცებული ბათუმ-ჩაქვის მხარეთა დაბრუნებას. მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. 1723 ოსმალებმა დაიკავეს ციხისძირის, ქობულეთის, შეკვეთილის, სეფისა და გრიგოლეთის ციხეები და გურია ზღვას მოსწყვიტეს.
ლიტ.: იხ. სტ-თან გ ი ო რ გ ი V გ უ რ ი ე ლ ი.
ქ. ჩხატარაიშვილი