ბობინსკა ჰელენა

ბობინსკა (Bobinska) ჰელენა (1887, პოლონეთი, ვარშავა, – 1968, იქვე), პოლონელი მწერალი და ჟურნალისტი.

1917-იდან მუშაობდა ჯერ პეტროგრადში, შემდეგ მოსკოვში გაზ. „ტრიბუნის“ („Tribuba “) რედაქციაში. საქართველოში ერთხელ იყო, იმოგზაურა ხევსურეთში და იქ ნანახისა და გაგონილის საფუძველზე დაწერა რომანი „ქაბუნაურთა შთამომავლის შურისძიება“, რ-შიც აღწერილია ხევსურეთის მეტად შთამბეჭდავი პეიზაჟები, ზნე-ჩვეულებები, აგრეთევ თბილისი, მისი ძვ. უბნების კოლორიტული სურათები.

წიგნს უჩვეულო წარმატება ჰქონდა: 1930 გამოქვეყნდა ვარშავაში, ამავე წელს გამოქვეყნდა რუსულად (მეორედ– 1931), ხოლო 1931 ბერლინის ორმა გამომცემლობამ „უნივერსუმ-ბიუხერაიმ“ და „იუგენს-ინტერნაციონალემ“ თითქმის ერთდროულად დასტამბა გერმ. ენაზე; ორი წლის შემდეგ ნაწარმოები ითარგმნა და გამოიცა ინგლ. და ნორვ. ენებზე. გერმანიაში ფაშიზმის ბატონობის წლებში იგი სხვა პროგრ. ნაწარმოებებთან ერთად დაწვეს. 1949 ბერლინის გამომც. „ნოიეს ლებენმა“ ხელახლა გამოსცა. 1947 ვენის გამომც. „გლობუს-ფერლაგმა“ დაბეჭდა გერმ. გამომცემლობებისაგან დამოუკიდებლად. 1948 ბრატისლავის გამომც. „პრავდამ“ სლოვაკურ ენაზე დასტამბა, 1952 – უნგრ. ენაზე გამოვიდა ბუდაპეშტში.

II მსოფლიო ომის შემდეგ ეს გახმაურებული რომანი რამდენჯერმე გამოვიდა (მანამდე აკრძალული იყო). 1966 გერმ. ჟურნ „ფრაიე ველტის“ („Freie Welt“) თანამშრომლებმა ჰანს ფროშმა და ჰაინც კრიუგერმა საქართველოში მოგზაურობისას საგანგებოდ დაათვალიერეს ხევსურეთი და დაწერეს რეპორტაჟი „ქაბუნაურის ქვეყანაში“ (1967, № 49). ბ-ს წიგნის ნაწყვეტები შეტანილი იყო გდრ-ის სკოლების VIII კლასის სასწავლო პროგრამაში.

ეს რომანი მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.

ვ. კახნიაშვილი