გუგული

გუგული

გუგული, (Сuculus canorus), ფრინველი გუგულისნაირთა რიგისა. ზომით მტრედზე პატარაა, შორიდან ჰგავს მიმინოს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში რეგისტრირებულია როგორც მოზაფხულე გადამფრენი ფრინველი. ცხოვრობს ფოთლოვანსა და შერეულ ტყეებში ანთროპომორფულ ლანდშაფტში (ბაღები, ველმინდვრები და მისთ.). ტიპური ბუდობრივი პარაზიტია. გაზაფხულ-ზაფხულის განმავლობაში ბეღურასნაირთა ბუდეებში დებს 12–25 კვერცხს. დადებისას იტაცებს და ჭამს მასპინძლის 1–2 კვერცხს. გუგულის მართვე გამოჩეკისთანავე რეფლექსურად აგდებს ბუდიდან მასპინძლის ბარტყებსა და კვერცხებს. გ. იკვებება მწერებითა და მათი მატლებით, რითაც სარგებლობა მოაქვს. გ-ს უწოდებენ გუგულისებრთა ოჯახის (Сuculidae) სხვა წარმომადგენლებსაც (სულ მსოფლიოში 39 გვარის 129 სახეობაა). „ბუდობრივი პარაზიტიზმი" დამახასიათებელია მხოლოდ 80 სახეობისათვის.

რ. ჟორდანია