ბროსე მარი ფელისიტე

ბროსე (Brosset) მარი ფელისიტე (5. II. 1802, პარიზი, – 3. IX. 1880, შატელრო, საფრანგეთი), ფრანგი ორიენტალისტი და ქართველოლოგი. დაიბადა ხელმოკლე ვაჭრის ოჯახში. სწავლობდა ორლეანის, შემდეგ სან-სულპისიენის სას. სემინარიაში. ისმენდა ლექციებს კოლეჟ დე ფრანსში, სწავლობდა ჩინ. ენასა და ლიტ-რას, შემდეგ ხელი მოჰკიდა ქართულს და სომხურს. შეისწავლა პარიზში დაცული ქართ. ხელნაწერები, გამოაქვეყნა რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი, აგრეთვე ქართ. ენის გრამატიკის სახელმძღვანელოები. მისმა შრომებმა საფუძველი ჩაუყარა მეცნ. ქართველოლოგიას ევროპაში. ბ-ს შემწეობას უწევდნენ ჟ. ა. სენ-მარტენი და პეტერბურგში მცხოვრები ბატონიშვილი თეიმურაზ|თეიმურაზ ბატონიშვილი (მიწერ-მოწერით).

1837 ბ. რუსეთში მიიწვიეს, 1838 აირჩიეს პეტერბ. მეცნ. აკად. წევრად ქართ.-სომხ. ფილოლოგიის განხრით. 1839–41 აკადემიაში და პეტერბურგის უნ-ტში წაიკითხა ლექციების ციკლი საქართვ. და სომხ. ისტორიის შესახებ. 1847–48 იმოგზაურა საქართველოში, შეკრიბა დიდძალი ეპიგრაფიკული, ნუმიზმატური, დოკუმენტური და სხვ. მასალა და პეტერბურგში სამ წიგნად გამოაქვეყნა (1849–51). ფრანგულად თარგმნა და 1849–58 შვიდ ტომად დაბეჭდა „ქართლის ცხოვრება“, ვახუშტის „ისტორიის“ გეოგრ. ნაწილი, სეხნია ჩხეიძის, პაპუნა ორბელიანისა და ომან ხერხეულიძის ისტ. თხზულებები ვრცელი მეცნ. კომენტარებითურთ (ამ გამოცემის IV ტომი დაიბეჭდა დ. ჩუბინაშვილის რედაქციით). 1861 გამოსცა საბუთები რუს.-საქართვ. ურთიერთობის შესახებ. ბ-ს 200-ზე მეტ ნაშრომში თავმოყრილია დიდძალი კრიტიკულად შემოწმებული მასალა. მან გაამდიდრა ქართ. ისტორიოგრაფია, გააფართოვა მისი წყაროთმცოდნეობითი ბაზა, წინ წასწია ქართ. ნუმიზმატიკის, სფრაგისტიკის, ეპიგრაფიკისა და სხვა დამხმარე დარგების შესწავლა, წამოჭრა და დაამუშავა შუა საუკ. საქართველოს ისტ. მრავალი საკითხი, დაიწყო „ქართლის ცხოვრების“ კრიტ. შესწავლა, სცადა დაეწერა საქართვ. ისტ. კურსი.

დიდი წვლილი შეიტანა ბ-მ ქართ. ენისა და ლიტ-რის შესწავლის საქმეში. 1834 პარიზში გამოვიდა ბ-ს შრომა „L’ art libérale ou grammaire géorgienne“ („ჴელოვნება აზნაურობითი გინა ქართულისა ენისა თჳთმასწავლებელი“). ნაშრომი შედგება 17 თავისაგან და ყოველ თავს მოსდევს საილუსტრაციო მასალა თარგმანითურთ. ბ. თავის გრამატიკაში ითვალისწინებს ანტონ I-ის, მაჯოს, ბატონიშვილი დავით|დავით ბატონიშვილის გრამატიკებს, მაგრამ ამა თუ იმ საკითხის განხილვისას ქართ. ტექსტებს ემყარება. ამ ნაშრომში ბ-მ წამოაყენა ვარაუდი, რომ ქართ. ენა ინდოევრ. ენათა ინდოირანულ შტოს ეკუთვნის. ბ. პირველი სპეციალისტია, რ-მაც სცადა ქართ. ენის ნათესაობის საკითხი განეხილა არა მხოლოდ ცალკეული სიტყვების შეპირისპირების გზით, არამედ გრამატ. მოვლენათა ჩვენების მიხედვითაც. არაერთი საყურადღებო ნარკვევი უძღვნა მან შუა საუკ. ქართ. ლიტ-რის ძეგლებს („ვეფხისტყაოსანი“, „რუსუდანიანი“, „ომაინიანი“ და სხვ.). ბ-მ წამოჭრა და გააშუქა საკითხი ქართ. „რაინდული რომანის“ თავისებურებათა შესახებ, დ. ჩუბინაშვილთან და ზ. ფალავანდიშვილთან ერთად გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“ (1841).

ბ-მ ფრანგულად თარგმნა და გამოაქვეყნა იმ სომეხ ისტორიკოსთა თხზულებები, რ-ებსაც მოეპოვებათ ცნობები საქართველოს შესახებ (ტ. 1–2, 1874–76). აღწერა სომხ. ისტ. ძეგლები (მაგ., ანისი).

ბ-ს სახელთან არის დაკავშირებული მთელი ეტაპი ევრ. ქართველოლოგიაში. მისი მემკვიდრეობა შევიდა ქართ. ისტორიოგრაფიის საგანძურში. დაწესებულია ბ-ს სახ. პრემია. 1994–2004 თბილისში, ვერის დაღმართზე, სკვერში იდგა ბ-ს ბიუსტი (ავტ. დ. მიქატაძე), 2016 აღდგენილი ბიუსტი დაიდგა დედაენის ბაღში.

თხზ.: Histoire de la Géorgie depuis l’antiquité jusqu’au XIX siècle, v. 1–7, St. – Pb., 1849–58; Les ruines d’ Ani aux X et XI siècles, t. 1–2, St.–Pb., 1860–61; Rapports sur un voyage archéologique dans la Géorgie et dans l’ Arménie, exécuté en 1847–1848, livr. 1–3, St.–Pb., 1849–51; Переписка на иностранных языках грузинских царей с Российскими государями от 1639 по 1770, Спб., 1861; საქართველოს ისტორია, ნაწ. 1–2, თარგმ. ს. ღოღობერიძისა, ტფ., 1895–1900.

ლიტ.: დ ო დ ა შ ვ ი ლ ი  რ., მარი ბროსე – ქართული მწერლობის მკვლევარი, თბ., 1962; ხ ა ნ თ ა ძ ე  შ., მარი ბროსე, თბ., 1966; შ ა რ ა ძ ე  გ., მარი ბროსე და ვეფხისტყაოსანი, თბ., 1983; ი ო ს ა ვ ა  ნ., მარი ბროსე და ქართული გრამატიკის საკითხები, თბ., 1999; Б у а ч и д з е  Г., Мари Броссе, Тб., 1983; К а к а б а д з е  С. Н., Акад. М. Броссе и его значение в грузинской историографии, «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2; М а р р  Н. Я., К столетию со дня рождения М. И. Броссе, «Записки Вост. Отделения Рус. археол. об-ва», 1902, т. 14, в. 4; Х а н т а д з е  Ш. А., Академик Мари Броссе и европейское и русское грузиноведение, Тб., 1970; B r o s e t  L., Bibliographie analiytique des ouvrages de M.-F. Brosset. 1824 – 1879, St.-Pb., 1887.

ნ. იოსავა

შ. ხანთაძე