ბრუკერი ლუი დე

ბრუკერი (Brouckère) ლუი დე (1870, რუსელარე, დას. ფლანდრია, – 1951, ბრიუსელი), ბელგიელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მემარჯვენე სოციალისტი. განათლებით იურისტი. ბელგიის სოციალ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი (1918–40 თავ-რის მოადგილე); II ინტერნაციონალის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი და მისი საერთაშ. ბიუროს წევრი. XX ს. დასაწყისიდან – ბელგ. დეპუტატთა პალატის წევრი. მიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა ბელგ. მთავრობაში. 1920-იდან ბელგიის წარმომადგენელი ერთა ლიგაში.

ბ-ს ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის (1918–21) ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ხელს უწყობდა საქართველოს საერთაშ. სამართალსუბიექტად აღიარებას. 1921-იდან, საბჭ. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, ბ. აქტიურად იღვწოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. 1921 წ. 20 სექტ. ბ-მა ერთა ლიგის ჯერ მე-6 კომისიის (რ-იც პოლიტ. დარგს უძღვებოდა) სხდომას, შემდეგ კი (22 სექტ.) ლიგის მე-3 საერთო კრებას წარუდგინა მის მიერვე შედგენილი რეზოლუცია საქართველოს შესახებ. შვეიც. წარმომადგენლის ჯ. მოტას და საფრ. დელეგაციის აქტ. მხარდაჭერით რეზოლუცია მიიღეს. მასში ნათქვამი იყო: „ერთა ლიგის საერთო კრებამ, განიხილა რა საქართველოში არსებული მდგომარეობა, მოუწოდა საბჭოს ყურადღებით ადევნოს თვალყური ამ მხარის ამბებს, ისარგებლოს ყოველი შემთხვევით, რომელიც კი მიეცემა, და ხელი შეუწყოს მშვიდობიანი გზით და თანახმად საერთაშორისო სამართლის ნორმებისა, ამ ქვეყანაში ნორმალური მდგომარეობის აღდგენას“. ბ-ის, საფრ. და ბრიტ. წარმომადგენელთა თაოსნობით, ეს რეზოლუცია განახლებული და გავრცობილი სახით მიიღეს ერთა ლიგის საერთო კრების მე-15 სხდომაზეც (1925 წ. 11 სექტ.). ამის შემდეგ ერთა ლიგამ უარი განაცხადა ეცნო საქართველოს იმჟამინდელი ფაქტობრივი მდგომარეობა საბჭ. იმპერიის შემადგენლობაში. ბ-ის აქტ. ჩარევით ლიგის პაქტის I მუხლში მე-2 პარაგრაფად შეიტანეს საქართველოს საკითხი. ეს პარაგრაფი საბჭ. რუსეთის ერთა ლიგის წევრად მიღების ერთ-ერთ მთავარ პირობად აღიარებდა საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის აღდგენას.

ბ-ს ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ქართვ. პოლიტ. ემიგრაციის ბევრ გამოჩენილ მოღვაწესთან (ა. ჩხენკელი, ს. მდივანი, მ. ტუღუში და სხვ.).

ლ. ურუშაძე