ბობოხიძე იაკობ ვარლამის ძე

ი. ბობოხიძე 

ბობოხიძე იაკობ ვარლამის ძე (31. V, 1931, ქუთაისი, ‒ 17. VII. 2007, თბილისი), კომპოზიტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967).

1957 დაამთავრა თბილ. კონსერვ. კომპოზიციის განხრით (ა. მაჭავარიანის კლასი). 1956 – 72 იყო საქართვ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტის მთავარი ხმის რეჟისორი, 1972 – 77 – ტელეფილმების მუს. ნაწილის გამგე, 1977-იდან ‒ კინოკონცერნ „ქართული ფილმის“ მუს. განყ-ბის მთავარი რედაქტორი.

ნაწარმოებები: საბავშვო ოპერა-ბალეტი „ბურატინო“ (1972, დაიდგა თბილ. მუსკომედიის თეატრში, 1977), ვოკალურ-სიმფ. პოემა „მარადიული ობელისკები“ (1985), „კანტატა თბილისზე“ (1960), „ოდა სამშობლოს“ (1979, საქართვ. კომკავშირის პრემია, 1982), ოდა „შენ ხარ სიმაღლე“ (1987), ბალადები – „შავლეგო“ (1968), „განთიადი“ (1971), „მწყემსის მუქარა“ (1973), სიმფ. სიუიტა „ბურატინო“ (1963), კონცერტი საყვირისა და სიმფ. ორკესტრისათვის (1957), საგუნდო ნაწარმოებები – მ. შ. კანტატა „მთაწმინდის მთვარე“ (1970), ციკლი „ქართული ჩანახატები“ (12 მინიატიურა ა. კალანდაძის ლექსებზე, 1967 – 72) და სხვ., საესტრადო სიმღერები, მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის.