ბოგანო, გლეხთა კატეგორია ფეოდალურ საქართველოში.
ბ-დ ითვლეობოდა უვენახო, მცირემიწიანი, ეკონომიკურად ხელმოკლე გლეხი. ამის გამო იგი არ იხდიდა ძირითად საბატონო გადასახადებს – ღალასა და კულუხს, მაგრამ ყოველგვარი ვალდებულებისაგან თავისუფალი მაინც არ იყო – იხდიდა საურს, თუმცა ნაკლებს, ვიდრე მკვიდრი გლეხი (მკვიდრი – 12 შაურს, ბ. – 2 შაურს), ევალებოდა ლაშქარ-ნადირობაში მონაწილეობა და სხვ. ბ. გლეხთა კატეგორია წარმოიქმნა მონღოლთა ბატონობის მძიმე ხანაში გლეხების აყრა-გაქცევის, მიწისაგან მათი მოწყვეტის შედეგად. ბ-დ შეიძლებოდა ქცეულიყო გაღარიბებული მკვიდრი ყმაც. მეორე მხრით, ბ. გლეხიც შეიძლებოდა მკვიდრ ყმა გლეხთა კატეგორიაში გადასულიყო, თუ მებატონე მიწასა და ვენახს მისცემდა და ძირითად საბატონო გადასახადებს დააკისრებდა. გვიანდ. ფეოდ. ხანაში ბ. გლეხები მიწებს საღალედ და ქირით იღებდნენ.
1861 საგლეხო რეფორმის შედეგად ბ. გლეხთა კატეგორია მოისპო.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., Очерк истории развития феодальных отношений В Грузии (XIII – XVI вв.), წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; ნარკვევები ფეოდალური საქართველოს გლეხობის ისტორიიდან, თბ., 1967.
შ. ხანთაძე