ბოდავი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის ტერიტორიულ ორგანოში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. ბოდავისხევის (არაგვის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1120 მ, დუშეთიდან 12 კმ. 45 მცხ. (2014). სოფლის ჩრდ.-აღმ-ით 2–3 კმ-ზე, ბოდავისხევის ხეობაში მდებარეობს ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ეკლესია „ფუძნარი“. ხუროთმოძღვრული ფორმებით XIII ს. I ნახევრით თარიღდება. გუმბათოვანი ეკლესიის გეგმას საფუძვლად უდევს სწორკუთხედში ჩახაზული ჯვარი. აღმ-ით აფსიდია, რ-ის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივეს შესასვლელი ტაძრის მკლავებიდან აქვს.
კედლები ძირითადად ნატეხი ქვითაა ნაგები, ხოლო კარ-სარკმლები, კარნიზები, გუმბათის ყელი და კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ელემენტები – სუფთად გათლილი შირიმის კვადრებით. თაღები ისრისებრია. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების მეშვეობით. გუმბათის ყელში გაჭრილი 12 სარკმელი შემკულია პროფილირებული საპირეებით. ძეგლი გადახურულია კარვისებრი საბურავით. XV და XVI–XVII სს-ში ეკლესია შეაკეთეს – თაღები, პილასტრები და გუმბათის ყელის მნიშვნელოვანი ნაწილი შირიმის თლილი ქვით გაამაგრეს და ჩრდ.-აღმ-იდან მცირე ზომის ეგვტერი მიაშენეს. ეკლესიის ირგვლივ გალავნის ნაშთია, რ-ის ჩრდ.-დას-ით საცხოვრ. ნაგებობათა ნანგრევებია.
ლიტ.: Ч у б и н а ш в и л и Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.
გ. მარსაგიშვილი