ბოდბისა და ბოდბისხევის გლეხთა აჯანყებანი 1699, 1711 – 16, გლეხთა ანტიფეოდალური გამოსვლები ბოდბელი ეპისკოპოსის საყმო სოფლებში.
აჯანყებათა საბაბი გახდა „რიგის ძროხის“ გამოსაღები, რ-იც გლეხს ავალდებულებდა, გარდა ძირითადი საბატონო გამოსაღებისა (ყალანისა), გარკვეულ შემთხვევაში ეპისკოპოსისა და მისი მოხელეებისათვისაც გადაეხადა გადასახადი საკლავით: კომლის გაყრის შემთხვევაში ბოდბელი ეპისკოპოსისათვის უნდა მიერთმიათ ერთი ხარი, ასისთავისთვის ‒1 წლის მოზვერი, ხოლო ქევხისათვის – ცხვარი.
„ძროხა“ („ზროხა“) ამ პერიოდში ზოგადად მსხვ. რქ. საქონელს აღნიშნავდა, ხოლო „რიგის ძროხა“ – ამ განაწესებით ანუ „რიგით“ განსაზღვრულ გადასახადს. ამ მძიმე გადასახადის გაუქმების მიზნით სოც. ბოდბისა და ბოდბისხევის გლეხები პირველად აჯანყდნენ 1699. ბოდბელი ეპისკოპოსი ევდემოს დიასამიძე იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა გლეხები „რიგის ძროხის“ ვალდებულებისაგან და ამის დამადასტურებელი წიგნებიც მისცა აჯანყებულებს. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ საქმეში ჩაერია ქართლის მეფე ერეკლე I, რ-საც შაჰისაგან სამმართველოდ მიცემული ჰქონდა კახეთის ნაწილი ქიზიყითურთ. მან ჩაახშო ეს აჯანყება, დასაჯა მასში მონაწილე გლეხები, განსაკუთრებით მეთაურები („ჯანღის თავები“) და ახ. გუჯარით კვლავ დაადასტურა ყმა გლეხების მიერ „რიგის ძროხის“ გადახდის ვალდებულება. მეორედ გლეხები აჯანყდნენ დაახლ. 1711–16, როდესაც კახეთს ირანში გაწვეული დავით II-ის (იმამყული-ხანის) მაგივრად თეიმურაზ ბატონიშვილი და დედამისი – ანა დედოფალი განაგებდნენ. ქვეყნის მძიმე მდგომარეობამ (ლეკების შემოსევები, შინაური აშლილობა-ბრძოლები) აიძულა გლეხები კვლავ იარაღისთვის მოეკიდათ ხელი. აჯანყებულებმა დაარბიეს ბოდბელი ეპისკოპოსის მოხელეები, თან იმუქრებოდნენ, თუ „რიგის ძროხის“ გადასახადს არ ამოუკვეთდნენ, აიყრებოდნენ და სხვაგან გადასახლდებოდნენ.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა ზაქარია ანდრონიკაშვილმა დახმარების თხოვნით თეიმურაზ ბატონიშვილს მიმართა. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო თეიმურაზმა ურჩია ეპისკოპოსს დროებით დათმობაზე წასულიყო და გლეხები აღნიშნული ვალდებულებისაგან გაეთავისუფლებინა. ამასთან ბატონიშვილი მებატონე-მღვდელმთავარს აღუთქვამდა, რომ: „თუ თმერთი ჩვენის ძმის (იმამყული-ხანის) მოსვლას გვაღირსებს, ის ისევ გაარიგებს და გადაახდევინებს, როგორც მამაჩვენმა (ერეკლე I-მა) უყო, როგორც გუჯარში წერიაო“.
ლიტ.: ა ს ა თ ი ა ნ ი ნ., ფეოდალურ საქართველოში კლასობრივი ბრძოლის ისტორიიდან, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე», 1959, ტ. 23, № 2.
ნ. ასათიანი