ბოდბის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. ნინოს სამონასტრო კომპლექსი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, სიღნაღიდან 2 კმ-ზე.
გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე მირიან III-ის დროს. პ. იოსელიანის ცნობით, მონასტერი წმ. გიორგის სახელობისაა, მხოლოდ სამხრ. ეგვტერი, რ-შიც, გადმოცემის თანახმად, წმ. ნინო იყო დაკრძალული, ატარებს წმ. ნინოს სახელს. ბ. მ-ს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართვ. მეფეები. იგი მრავალჯერ არის შეკეთებული და რესტავრირებული. სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილია სამნავიანი ბაზილიკა სამი შვერილი ნახევარწრიული აფსიდით. ამგვარი აფსიდები ძირითადად გვხვდება უძველეს ეპოქაში (ბოლნისის სიონი, ძველი გავაზი, ნინოწმინდის ეკლესია და სხვ.).
ისტ. წყაროებით მირიან მეფის მიერ აგებული თავდაპირველი მცირე ეკლესია შემდეგ, VII ან VIII–IX სს-ში, გაუდიდებიათ და ძვ. ნაწილიც შიგ ჩაურთავთ. ამჟამად მნიშვნელოვნად არის სახეშეცვლილი. მობათქაშებულია შიგნითაც და გარედანაც. აჩნია XVII და XIX სს. რესტავრაციის კვალი. ტაძარში შემორჩენილი წარწერის მიხედვით, XIX ს. 20-იან წლებში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ სიღნაღისა და ქიზიყის მიტროპოლიტის იოანე მაყაშვილის თაოსნობით.
XVII–XVIII სს-ში ბ. მ. მნიშვნელოვანი მწიგნობრული კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობარნი ზაქარია ბოდბელი (XVII ს.), იოანე ჯორჯაძე (XVIII ს.), დავით ბოდბელი (XVIII ს.), იოანე მაყაშვილი (1743–1837) და სხვ. 1837-იდან ბ. მ. გაუქმდა და სამრევლო ეკლესიად იქცა. 1889 გაიხსნა ბოდბის დედათა მონასტერი თავისი ქალთა სამასწავლებლო სკოლით, ხელსაქმისა და სამხატვრო განყ-ბებით.
2014 განხორციელდა ბოდბის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის იკონოსტასის კონსერვაცია-რესტავრაცია. ეკლესია დღესაც მოქმედია.
ლიტ.: Ч у б и н а ш в и л и Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.