ბოდენშტედტი ფრიდრიხ ფონ

ბოდენშტედტი (Bodenstedt) ფრიდრიხ ფონ (22. IV. 1819, პაინე, – 18. IV. 1892, ვისბადენი), გერმანელი მწერალი. გვიანდ. ეპიგონური რომანტიზმის წარმომადგენელი.

1841 თავადმა გოლიცინმა თავისი შვილების აღსაზრდელად ჩამოიყვანა მოსკოვში, ხოლო 1844 კავკასიის მთავარმართებელმა ა. ნეიდგარდტმა მოიწვია საქართველოში – თბილ. გიმნაზიაში ფრანგ. ენის მასწავლებლად. აქ ბ. ბევრს მოგზაურობდა, მოიარა მესხეთი, იმერეთი, გურია. აგროვებდა მასალას წიგნისათვის „კავკასიის ხალხები და მათი ბრძოლა თავისუფლებისათვის რუსეთის წინააღმდეგ“, რ-იც გამოსცა გერმანიაში 1848. ამ წიგნში ბ. მიმოიხილავს საქართველოს წარსულს, გადმოსცემს ცნობებს თამარ მეფის შესახებ; საქართველოში მოგზაურობის შედეგი იყო აგრეთვე მისი წიგნი „ათას ერთი დღე აღმოსავლეთში“ (ტ. 1–2, 1849–50);

ჩვენი ქვეყნის შესახებ მოგზაურთა და მკვლევართა ნაშრომებიდან შეძენილი ცოდნა ბ-მა საკუთარი დაკვირვებითაც გაამდიდრა. წიგნში გვხვდება მოგზაურობის შთაბეჭდილებები, ბუნების სურათები, ისტ. ძეგლების აღწერა, მოთხრობილია ისტ. ამბები, გადმოცემულია თქმულებები და ლეგენდები. საქართვ. ისტორიას ბ. ხატავს როგორც ნგრევისა და აღდგენის მრავალსაუკუნოვან ეპოპეას. აქვე პირველად გვხვდება მირზა შაფის (ვაზეჰი) სახე და პოეტური ნიმუშები, რ-ებსაც დიდი წარმატება ხვდა წილად ევროპაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბ-მა გამოსცა ახ. წიგნი „მირზა შაფის სიმღერები“ (1851).

იგი ევრ. თითქმის ყველა ენაზე ითარგმნა და ერთ-ერთი გახმაურებული ლიტ. დავის საგანიც გახდა; წიგნის გამოქვეყნების შემდეგ ბ-მა მირზა შაფის ლექსები თავის ორიგინ. ნაწარმოებად გამოაცხადა. მაგრამ გავრცელდა სხვა მოსაზრებებიც. ეს ლექსები ისეთივე ბრწყინვალე თარგმანი იყო რეალურად არსებული სპარსულენოვანი აზერბ. პოეტის თხზულებებისა, როგორც ადრე ბ-ის მიერ გერმ. ენაზე გადმოღებული ჰაფეზისა და ხაიამის ლექსები. „მირზა შაფის სიმღერებში“ გვხვდება ლექსები ღვინოზე, ვარდზე, სიყვარულზე, თბილისზე, ჩინებული აფორიზმები, სენტენციები, სატირები და სხვ. ბ-მა გადაარჩინა პოეტის სახელიცა და ქმნილებაც, მით უმეტეს, რომ მირზა შაფის არც ერთი ლექსი მთლიანად სპარს. ენაზე არ დარჩენილა.

ამავე დროს ბ-მა შექმნა ორიგინ. ლექსების ციკლი თბილისზე: „დილა თბილისში“, „თბილისის ვარდი“, „საქართველო“, „არ გამიწყრე“, „მხოლოდ შენ ერთს“, „ნინო“ და სხვ. მასვე ეკუთვნის პოემა „ლეკის ქალი ადა“ (1853), „ლექსები“ (1852–59), მოგონებები (1888–90), ტრაგედია „დიმიტრი“ (1856) და სხვ.

თხზ.: ათას ერთი დღე აღმოსავლეთში, თარგმ., შესავალი და კომენტ. ა. გელოვანისა, თბ., 1965.

ა. გელოვანი