ბოდი, ბოდისი,ბოდინი,ბუდი, დაბა ადრინდელი შუა საუკუნეების საქართველოში (კახეთში). მდებარეობდა უჯარმის მახლობლად.
ქართ. წყაროების მიხედვით, ბ. ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს (IV ს.) გარდაცვალებისა და დაკრძალვის ადგილია, მის საფლავზე მეფე მირიან III-მ ააშენა „ეკლესია ფრიად დიდი“. მცხეთასთან ერთად ბ. იყო საქართველოში ებრაელთა დიასპორის ერთ-ერთი კულტ.-რელიგ. კერა. მატიანეში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ (IX ს.) მოხსენიებულია „ბოდბელი მღვდლები“, რ-ებიც მხურვალე მონაწილეობას იღებდნენ იუდაისტური სარწმუნოების საკითხების განხილვაში. ისტ.-გეოგრ. მონაცემები საფუძველს იძლევა აგრეთვე ბ-ის გაიგივებისათვის ახლანდ. სოფ. ნინოწმინდასთან (საგარეჯოს მუნიციპ.), სადაც დგას საეპისკოპოსო ტაძარი (VI ს.), აგებული ქართველთა განმანათლებლის სახელზე.
ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ბ-ს აიგივებს ბოდბესთან (ახლანდ. სოფ. ბოდბისხევი, სიღნაღის მუნიციპ.) და მიაჩნია, რომ წმ. ნინო მიიცვალა და დაკრძალულია ბოდბის მონასტერში. ამ იდენტიფიკაციას იზიარებენ გ. ჩუბინაშვილი და ი. ჯავახიშვილი.
ლიტ.: კ ი კ ნ ა ძ ე ზ., მ ი რ ზ ა შ ვ ი ლ ი თ., „ნინოწმინდას, უჯარმის კარსა“, «ლიტერატურული საქართველო», 1988, 1 ივლ.; მ ჭ ე დ ლ ი შ ვ ი ლ ი ბ., ქალაქ უჯარმისა და დაბა ბოდის ლოკალიზაცია, «ძეგლის მეგობარი», 1986, № 1.
ზ. კიკნაძე