ბოდორნა

ბოდორნა, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. დუშეთისხევის (არაგვის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს, საქართვ. სამხ. გზაზე. ზ. დ. 880 მ, დუშეთიდან 8 კმ, მცხეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 27 კმ. 140 მცხ. (2014). ბ. გვიანდ. შუა საუკუნეებში არაგვის საერისთავოში შედიოდა. ვახუშტი ბაგრატიონი იხსენიებს ბ-ის „ციხე მაგარს“ (ამჟამად მისი კვალი არ ჩანს). XIV ს. 90-იან წლებში თემურლენგის ლაშქრობის დროს არაგვის ხეობის მცხოვრებლებს თავი ბ-ის გამოქვაბულებისათვის შეუფარებიათ. XV–XVIII სს-ში ბ-ში იყო მონასტერი, რ-იც წილკნის საეპისკოპოსოში შედიოდა.

დღეისათვის შემონახულია XVIII ს. ღვთისმშობლის სამონასტრო ეკლესია. ერთნავიანი გუმბათიანი ნაგებობა მიეკუთვნება ეკლესიათა იმ ტიპს, რ-იც გვიანდ. ფეოდ. ხანაში გვხვდება საქართველოში. წარწერის თანახმად, დანგრეული შენობა 1717 განუახლებიათ (არსებითად ხელმეორედ აუგიათ) არაგვის ერისთავის შვილს, ნინოწმინდელ მიტრაფონეს და სახლთუხუცეს ქაიყუბათ კობიაშვილს. XVIII ს. მიწურულში ამ უკანასკნელის ძემ ზალიამ ეკლესიას მიაშენა ეგვტერი (აღარ არსებობს). ეკლესიის მახლობლად არის ე. წ. „ბოდორნის სვეტი“ (სიმაღლე 15 მ, დიამეტრი ფუძესთან 4 მ), გეგმით მრგვალი ნეოგენური კონგლომერატი, რ-ის ძირში 2 სათავსისაგან შემდგარი თახჩიანი გამოქვაბულია მოთავსებული. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სვეტი საგანგებოდაა გამოკვეთილი მესვეტის საცხოვრებლად ადრინდ. ქრისტიანობის ხანაში (V–VI სს.).

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., XVI–XVIII საუკუნეთა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994; ჯაფარიძე ს., ბოდორნის სვეტი და ქვაბები, «ძეგლის მეგობარი», 1988, № 2.

ვ. ბერიძე

ჯ. გვასალია