ბოეთანი

ბოეთანი, ქალაქი ისტორიული კახეთის გაღმამხარში (თანამედროვე საინგილოს ტერიტორიაზე, აზერბ. რესპ. სოფ. კაზმის მახლობლად).

საბუთებში „ბუეთანის“ სახელითაც იხსენიება. 1579 კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის მიერ სვეტიცხოვლისადმი ყმისა და მამულის შეწირულობის წიგნში ბ. მოხსენიებულია შეწირული მონასტრის – ხატისკარის მამულების საზღვრად. მეფე-პოეტის არჩილის „გაბაასებაში“ ბ. მეფეთა საზამთრო ადგილი ჩანს. ბ-ის საზამთრო რეზიდენციაში კახთა მეფეებს არაერთხელ მიუღიათ რუსეთის ელჩები. 1604–05 რუს. ელჩები მ. ტატიშჩევი და ა. ივანოვი ბ-ში მიუღია უფლისწულ გიორგი ალექსანდრეს ძეს. ბ-ში განახლდა ალექსანდრე მეფისა და დავითის მიერ 1603 რუს. სამეფო კარზე გაგზავნილი წერილი, რ-შიც კახეთის მეფე რუსეთს ერთგულებასა და თანადგომას უცხადებდა. ვახუშტი ბატონიშვილი ბ-ის ადგილსამყოფელად ასახელებს ბელაქნისწყლის ალაზანთან შეერთების ადგილს. დღეისათვის ბ-ს აიგივებენ ბელაქნისწყლის დას-ით 3 კმ-ზე და რ-ნული ცენტრის ბელაქნის სამხრ-ით 18 კმ-ზე მდებარე ბოსტანქალაქის ნაქალაქართან. თუ ეს გაიგივება სწორია, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ ბ. ჯერ კიდევ ადრინდ. ფეოდ. ხანაში წარმოადგენდა სამეფო ქალაქს (ბოსტანი, იგივე ვუსტანი, სამეფო დომენს აღნიშნავდა). აქ დაცულია ორი ძეგლი: „დარბაზ შეჰირი“ (სპარსულად ნიშნავს „ქალაქის დარბაზს“) და ნაეკლესიარი. პირველი რიყის ქვით ნაგები კვადრ. შენობის ნანგრევებია, შეინიშნება კირის ხსნარი და აგურის ნატეხები.

დარბაზული ეკლესია აგურით იყო ნაგები. შენობისაგან დღეისათვის მხოლოდ საკურთხეველიღაა გადარჩენილი. ნახევარწრიული აფსიდი მოქცეული იყო გარე კედლების სწორკუთხედში. გარედან მთელ პერიმეტრზე გასდევდა კედლის ზედაპირიდან საკმაოდ ამოზიდული პილასტრების მწკრივი, რ-ებზედაც გადასროლილი იყო შეწყვილებულ-შეკიდული თაღები. ფასადის შუაში გაჭრილ მაღალ სარკმელს მკაფიოდ ნალისებრი ზედანი და ღიობის ტრაპეციისებრი ძირითადი ნაწილი აქვს. ძეგლის პირველი მკვლევრის ლ. ჭილაშვილის ვარაუდით, ეკლესია XVI ს-ში უნდა იყოს აგებული, მაგრამ არქიტ. დეტალები, განსაკუთრებით სარკმლის ფორმა და დეკორი, რ-იც პარალელებს ადრინდ. ფეოდ. ხანაში პოულობს, საშუალებას იძლევა ძეგლი VIII–IX სს-ით დავათარიღოთ. მსგავსად კახეთის სხვა პუნქტებისა, ბ-ც ყიზილბაშთა შემოსევების შედეგად ჩანს განადგურებული.

წყარო: არჩილიანი (თხზულებათა სრული კრებული), ალ. ბარამიძისა და ნ. ბერძენიშვილის რედ., ტ. 1–2, თბ., 1936–37; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ა დ ა მ ი ა  ი., ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება (საინგილო), წგ. 3, თბ., 1979; ჭ ი ლ ა შ ვ ი ლ ი  ლ., კახეთის ქალაქები (XIV–XVII სს.) თბ., 1980.

ჯ. გვასალია

გ. მარჯანიშვილი