გუგუნავა ივანე გიორგის ძე (24. III. 1860, სოფ. ლიტვინოვო, ბელიოვის რ-ნი, ტულის ოლქი, რუსეთი, – 8. II. 1919, მოსკოვი), ფერმწერი, პეიზაჟისტი, პორტრეტისტი. სწავლობდა მოსკ. ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელსა (1875–80) და პეტერბ. სამხატვრო აკადემიაში (1881–86). მოსკ. მხატვართა ამხანაგობისა და საზ-ბა „სრედას" წევრი. 1865–72 და 1897–1901 ცხოვრობდა საქართველოში, 1881–91 – პეტერბურგში, 1872–80 და 1901-იდან სიკვდილამდე – მოსკოვში. გ. ერთ-ერთი პირველი ქართვ. პროფესიონალი პეიზაჟისტია. დახატული აქვს საქართვ. ბუნების ამსახველი რეალისტური, პოეტური განწყობილების 100-ზე მეტი სურათი, რ-თა უმეტესი ნაწილი მიუკვლეველია. ბევრს მუშაობდა პლენერის პრობლემებზე. გ-ს პირველი პეიზაჟები 1876–77-ით თარიღდება. უმთავრესი ნამუშევრები: „შემოდგომის დილა" (1886), „ოკაზე" (1888), „წმიდა ეგორის დღეობა" (1890), „გურული ოდა", „ჩონგურზე დამკვრელი ქართველი ქალი", „სალომეს პორტრეტი" (ორი უკანასკნელი – 1893, სამივე – საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი), „პატარა სიმონ ჯახუტაშვილი" (1892–93, ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი), „კარმიდამო", „ნაადრევი თოვლი" (1897), „შემოღამება ბახვისწყალზე" (საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი).
ო. ფირალიშვილი