ბოთლიხური ენა

ბოთლიხური ენა, დაღესტნურ ენათა ანდიური ქვეჯგუფის ერთ-ერთი უმწერლობო ენა.

გავრცელებულია ბოთლიხის რ-ნის ორ აულში – ბოთლიხსა და მიარსუში. ბ. ე-ის ფონეტ. სისტემაში 5 მარტივი ხმოვნის გარდა არის ნაზალიზებული ხმოვნები. ყრუ სპირანტებსა და აფრიკატებს შორის ფონოლოგიური დაპირისპირებაა: „სუსტი–ძლიერი“. დასტურდება ფარინგალური და ლარინგალური თანხმოვნები, სპეციფ. ყრუ ლატერალური თანხმოვნები. მახვილი სუსტი, დინამიკურია.

ბ. ე. აგლუტინაციურია, ანალიზური წყობის ტენდენცია აქვს (უპირატესად ზმნაში). ყველა მორფოლ. კატეგორია, გრამატ. კლასის გარდა, გადმოცემულია სუფიქსებით. მხ. რიცხვში გარჩეულია 3 გრამატ. კლასი, მრავლობითში – 2 (ცოცხალთა და არაცოცხალთა).

ბრუნება განვითარებულია: 4 ძირითადი ბრუნვის გარდა დასტურდება ორ ათეულამდე ლოკატიური ბრუნვა, რ-იც 6 სერიას ქმნის. ზმნა იცვლება გრამატ. კლასებისა და დრო-კილოთა მიხედვით.

ძირითადი დროებია აწმყო, ნამყო და მყოფადი. ზმნაში რიცხვის გადმოცემა დაკავშირებულია გრამატ. კლასის აღნიშვნასთან. ბრძანებითში გარჩეულია გარდამავლობა-გარდაუვალობა. სიტყვაწარმოება სუსტადაა განვითარებული. გარდამავალი ზმნა ერგანტიულ კონსტრუქციას ქმნის. რთული წინადადების ასაგებად გამოიყენება მიმღეობიანი და აბსოლუტივიანი კონსტრუქციები.

ბ. ე-ში ძირითადი ლექსიკური ფონდი კარგადაა დაცული, თუმცა ბევრია ნასესხები სიტყვაც. ბოთლიხისა და მიარსუს მეტყველებას შორის უმნიშვნელო სხვაობაა (ძირითადად ფონეტ. ხასიათისა).

ბოთლიხელები ორენოვანი ხალხია: დედაენის გარდა ყველამ იცის ახლომონათესავე ხუნძური, რ-იც მათთვის სალიტ. ენაა (ხუნძურ ენაზეა ადგილ. საქმისწარმოება, დაწყებითი სკოლა, ადგილ. გაზეთი).

ლიტ.: გ უ დ ა ვ ა  ტ., ბოთლიხური ენა, თბ., 1962; მისივე, Боталихский язык, წგ.: Языки народов СССР, т. 4, М., 1967; Д и р р  А., Материалы для изучения языков и наречий андо-дидойской группы, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», 1909, в. 40.

ტ. გუდავა