ბოლნისი

ბოლნისი, ქალაქი (1967-იდან) აღმ. საქართველოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრი.

მდებარეობს მარნეულის ვაკეზე, მდ. მაშავრის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე. რკინიგზის სადგური მარნეულ–კაზრეთის მონაკვეთზე. ზ. დ. 560 მ, თბილისიდან 63 კმ. 8,9 ათ. მცხ. (2014). ჰავა ზომიერად თბილი სტეპისაა, იცის ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. საშ. წლ. ტემპ-რა 12ºC, იანვ. – 0,3ºC, ივლ. 23,6ºC; აბსოლ. მინ. – 25ºC, აბსოლ. მაქს. 40ºC. ნალექები 5700 მმ წელიწადში.

ქალაქს „ბოლნისი“ დაერქვა მეზობელ ხევში ძველთაგანვე არსებული პუნქტების სახელწოდების მიხედვით. თანამედროვე ბ-ს უჭირავს ისტ. სოფლების ყორანთის, ველკეთილისა და სატრედოს ტერიტორიები. 1392 ყორანთა პირველად იხსენიება საკათოლიკოსო მამულების სიაში და შემდგომშიც ბარათაშვილები მას ძირითადად სვეტიცხოვლის საკუთრებად მიიჩნევდნენ. XIX ს-ში აქ შეიქმნა გერმ. კოლონია ეკატერინენფელდი (1924-მდე; შემდეგ 1943-მდე – დაბა ლუქსემბურგი).

ბ-ში არის ღვინის, საკონსერვო და ყველ-კარაქის ქ-ნები, მინერ. წყლისა და სამკერვალო საწარმოები, მეფრინველეობის ფ-კა. სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო და სამუსიკო სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, ბ-კა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კულტსახლი, ს.-ს. ორბელიანის სახ. ბოლნისის სახალხო თეატრი, კინოთეატრები, კულტ. და დასვენების პარკი. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება შპს „ბოლნისის ცენტრალური კლინიკა“.

ბ-ის ისტ. ძეგლებიდან მნიშვნელოვანია წმ. გიორგის ყორანთის ეკლესია (XIII – XIV სს. მიჯნა). გორა, რ-ზედაც ეს ეკლესიაა აგებული, ენეოლითური ხანის ნასახლარის ნაშთებსაც შეიცავს. საყურადღებოა აგრეთვე გვიანდ. ფეოდ. ხანის სატრედოს თაღოვანი ხიდი მდ. მაშავერაზე, რ-იც ახლაც მკვიდრად დგას.

წყარო: ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941.

ლიტ.: გ ო მ ე ლ ა უ რ ი  ი., ყორანთა – შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლი, «მაცნე», 1966, № 3; К а к а б а д з е  С. С., Грузинские документы Института народов Азии АН СССР, М., 1967.

ვ. ჯაოშვილი

დ. ბერძენიშვილი