ბოლნისის არქეოლოგიური ძეგლები

ბოლნისის არქეოლოგიური ძეგლები, ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის, ადრინდელი რკინის, ანტიკური და შუა საუკუნეების ძეგლები, რ-ებიც აღმოჩენილია ქვემო ქართლში, ახლანდ. ბოლნისის მუნიციპ-ში.

ბოლნისის არქეოლ. ექსპედიციამ (ხელმძღვ. ლ. მუსხელიშვილი) 1936–37 ნაშალი მიწისაგან გაწმინდა ბოლნისის სიონი, დააზუსტა ეკლესიის გეგმა, აღმოაჩინა V–VII სს. სტელებისა და ქვის ჯვრების ფრაგმენტები, აღმოაჩინა და გაშიფრა ჩრდილოეთის სტოის კარის სააღმშენებლო წარწერა (იხ. ბოლნისის წარწერები), რ-ის საფუძველზეც დაზუსტდა ბოლნისის სიონის აშენების თარიღი. ეკლესიის ეზოში გაითხარა XV–XVI სს. 23 ქვაყუთი. 1957–62 არქეოლ. ექსპედიციამ (ხელმძღვ. ი. გძელიშვილი) ბოლნისის სიონის მახლობლად გამოავლინა გვიანდ. ანტ. ხანის კრამიტსამარხები, სამხრ.-დას-ით გორაზე – ციხესიმაგრის ნანგრევები, ძვ. ქ. ბოლნისის ქვითკირით ნაგები ბურჯებიანი გალავანი. ბოლნისის სიონის ჩრდ.-დას-ით, ე. წ. „ლამაზ გორაზე“, ექსპედიციამ შეისწავლა V–XIII სს. სამონასტრო ანსამბლი (ეკლესია, სამეურნეო და საცხოვრ. ნაგებობანი, გალავანი, სამარხები). დიდი მნიშვნელობა აქვს ძვ. სამთო წარმოებისა და რკინის მეტალ. კერების აღმოჩენას ბოლნისის მიდამოებში. სხვადასხვა დროს გამოვლენილია წინა ანტ. ხანის რკინის სადნობი სახელოსნოს ნაშთები სოფ. ქვემო ბოლნისში; ფეოდ. ხანის სახელოსნოს ნაშთები მდ. წუღრულაშენის ხეობაში, ნასოფლარ გომბათთან და სოფ. ფოლადაურის სამხრ.-დას-ით; XVII–XVIII სს. სახელოსნოების ნაშთები სოფ. ბოლნისთან, მდ. რკინისწყალზე. აღმოჩენები გვიჩვენებს, რომ ძვ. საქართველოში ინტენსიურად ყოფილა განვითარებული რკინის მოპოვება-დამუშავება.

ლიტ.: ა მ ი რ ა ნ ა შ ვ ი ლ ი  ჯ., ადრეფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისა და რელიეფური ქანდაკების ძეგლები, თბ., 1968; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი  ლ., ბოლნისი, «ენიმკის მოამბე», 1938, ტ. 3; Г з е л и ш в и л и  И. А., Железоплавильное производство в древней Грузии, Тб., 1964.

ვ. ჯაფარიძე