ბოლნისის ბრძოლა

ბოლნისის ბრძოლა, საქართველოს ლაშქრის ბრძოლა ხვარაზმელების წინააღმდეგ ბოლნისის მახლობლად (1227 ან 1228), ჯალალედინის 1225–26 ლაშქრობებით განადგურებამდე მისული საქართველო მეზობელ მუსლიმან მმართველებს (რუმის სულთანი, ხლათის მმართველი შაჰარმენი და სხვ.) დაუკავშირდა და ხვარაზმშას წინააღმდეგ ბრძოლის სამზადისს შეუდგა.

ჯალალედინმა დროულად შეიტყო ეს და გადაწყვიტა დაესწრო მოკავშირეებისათვის. თავდაპირველად 1227 ხვარზმშა მუღანის ველზე (ახლანდ. აზერბაიჯანი) დაბანაკდა, ხოლო საქართვ. ლაშქარი, რ-ის შემადგენლობაში ჩრდილოკავკასიელი მეომრებიც იყვნენ – ნაჭარმაგევში (ისტორიკოს ნასავის ცნობით, ქართველთა ლაშქარი 40000 აღემატებოდა). ნაჭარმაგევიდან საქართვ. ჯარი თბილისზე გავლით სამხრ-ით დაიძრა. ამ დროს ხვარაზმელები უკვე ბოლნისის ხეობაში იდგნენ.

ქართველები იძულებული გახდნენ მოკავშირე მაჰმადიანური ქვეყნების ლაშქრის მოსვლამდე შებმოდნენ მტერს, სასტიკ ბრძოლაში დამარცხდნენ და დიდად დაზარალებულები უკუიქცნენ. ჯალალედინმა დაარბია და გაძარცვა საქართველოს სხვადასხვა მხარე.

წყარო: ჟამთააღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1959.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).

ვ. გუჩუა