ბოლნისის სახალხო თეატრი, იწოდება როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი, დაარსდა 1942 წელს ს. მიხელიძისა და თ. ხატელიშვილის მიერ.
1942 წ. 25 თებერვალს ბოლნისის სცენის მოყვარეთა დასმა ეკლესიის ძველ შენობაში მაყურებელს უჩვენა პირველი სპექტაკლი, ა. ყაზბეგის ,,არსენა“; შემდეგ – მ. ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“. თეატრის მიერ იმ პერიოდში წარმოდგენილ „ხანუმაში“ ითამაშა საგასტროლოდ ჩასულმა ე. ჩერქეზიშვილმა. ბ. ს. თ-ს ხშირად სტუმრობდნენ: მ. სარაული, ვ. ანჯაფარიძე, თ. ჭავჭავაძე, შ. ღამბაშიძე, პ. კობახიძე, გ. კოსტავა, თ. თეთრაძე და სხვ. 1959-იდან თეატრი ს.-ს. ორბელიანის სახ. კულტ. სახლის ახ. შენობაში დაფუძნდა (650-ადგილიანი დარბაზი).
1960 წ. 19 მარტს მიენიჭა სახ. თეატრის სტატუსი. 1967 მ. გაბიძაშვილის რეჟისორობით და გ. კოსტავას კონსულტაციით დაიდგა პ. კაკაბაძის ,,კოლმეურნის ქორწინება“. ამ სპექტაკლით თეატრმა მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკურ და საკავშირო ფესტივალებზე თავდაპირველად თბილისში, მარჯანიშვილის თეატრში, ხოლო შემდეგ – მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე. 1977 სახ. თეატრების საკავშ. ფესტივალზე ბ. ს. თ. პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა (წარმოადგინა ვ. კანდელაკის „ამაღლებული სოფელი“). სხვადასხვა დროს თეატრში იდგმებოდა პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, მ. ჯაფარიძის „უსაშველო მაშველები“, ვ. გუნიას „და-ძმა“, ა. ჩხაიძის „ხიდი“, ა. გეწაძის „წმინდანები ჯოჯოხეთში“, მ. ბერაძის „მზე ნეკერჩხლის ტყეში“, მოლიერის „ძალად ექიმი“ და სხვ. ამ პერიოდში დასში ირიცხებოდნენ: მ. გაფრინდაშვილი, ვ. ახვლედიანი, თ. თაბაგარი, ნ. გაფრინდაშვილი, ლ. მუშკუდიანი, ა. ბჟალავა, ზ. დათიაშვილი, ნ. თარხნიშვილი, ა. წაქაძე და სხვ. სხვადასხვა დროს თეატრში სპექტაკლებს დამდნენ რეჟისორები: ნ. ლორთქიფანიძე მ. გაბიძაშვილი, ვ. მიხელიძე, მ. მერკვილაძე, თ. შეყილაძე, ლ. ნოზაძე; მხატვარი იყო ვ. ასკურავა. 1988–2019 თეატრის მთ. რეჟისორი იყო ზ. ხვედელიძე, რ-მაც დადგა შემდეგი სპექტაკლები: მ. დოლიძის „მდგმურები“, ლ. თაბუკაშვილის „ათვინიერებენ მიმინოს“, მ. ჯავახიშვილის „მუსუსი“, გ. ერისთავის „გაყრა“, ა. გეწაძის „გაყოფილი ცრემლი“, რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, ბ. ჯანიკაშვილის „მშვიდობით თემურ’’. ბოლო პერიოდის დადგმებია: „ამაღლება“ (გ. რობაქიძის ,,ჩაკლული სულის“ მიხედვით; 2006), „ზევით-ქვევით“ (ა. ნესინისა და გ. გარსია მარკესის მიხედვით; 2007), დ. ტურაშვილის ,,ორი კუნძული შავ ზღვაში’’ (2008), გ. ერისთავის „ძუნწი“ (2009), თ. ფხაკაძის ,,გაფრენა“ (2010), ლ. ბუღაძის „ნუგზარი და მეფისტოფელი“ (2011), მ. მოსულიშვილის „ჩემო მეჟოლია“ (2013), ა. ჩიღვინაძის ,,სიკვდილის დღის საჩუქარი“ (2014), ნ. მირზიაშვილის ,,აივანი“2014), ბ. ჯანიკაშვილის „სულიკო“ (2015), თ. ფხაკაძის „მატარებელი არ მოვა“ (2017), ნ. დუმბაძის „ბოშები“ (2019) და სხვ. 2020-იდან თეატრის მთ. რეჟისორია ლ. ნოზაძე, დირექტორი – გ. ღვინერია, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი – ნ. ჭითანავა. დასის წევრები არიან ვ. კენჭოშვილი, ნ. ერისთავი, რ. მუშკუდიანი, გ. ქობულაძე, ნ. თარხნიშვილი, მ. შეყილაძე, ი. ჭილაია, ი. რეხვიაშვილი, ნ. ალადაშვილი, ქ. უგრეხელიძე, გ. ღვინერია, მ. ახვლედიანი. თეატრი მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშ. ფესტივალებში (იტალია, ლიეტუვა, ლატვია, უკრაინა, სლოვაკეთი, ესტონეთი და სხვ.).