ალექსიძე ლელა ზაზას ასული (დ. 09.IX.1960, თბილისი), ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2006).
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით (1982).
1982-იდან მუშაობს თსუ-ში, იყო ფილოლ. ფაკ-ტის ძვ. ქართ. ენის კათედრასთან არსებული ათონის ძვ. ქართ. ხელნაწერების შემსწავლელი სამეცნ.-კვლ. ლაბორატორია „ორიონის“ უფრ. ლაბორანტი, შემდეგ ‒ მეცნიერ-თანამშრომელი (1982_87); ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკ-ტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი; ლექტორი (1985-98); საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2006-2009); 1992-93 გიოტინგენის მეცნ. აკად. პატრისტიკის კომისიის დაკვეთით მუშაობდა არეოპაგიტული კორპუსის სქოლიოების ქართ. და ბერძნ. ვერსიების მიმართებაზე; 1998-2006 იყო თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტის პროფესორი კონტრაქტით, 2006-2021 - თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის ფილოს. ინ-ტის სრული პროფესორი. 1990-იდან ა. მიწვეული იყო გერმანიის სხვადასხვა უნ-ტში (მ. შ. ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის დაფინანსებით), პარიზის, ლონდონისა და ოქსფორდის სამეცნ. ცენტრებში, ბუდაპეშტის, პრინსტონის უნ-ტებში. ა. მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ევროპის, აშშ-ის, სამხრ. ამერიკისა და ავსტრალიის წამყვან კოლეგებთან ანტიკური, შუა საუკუნეებისა და რენესანსის ფილოსოფიის მიმართულებით.
ა-ს არსებითი წვლილი მიუძღვის იოანე პეტრიწის ფილოსოფიის დასავლელი კოლეგებისთვის საფუძვლიანიად გაცნობაში, რაც მისი მრავალი საერთაშ. პუბლიკაციისა და საკონფერენციო პრეზენტაციის შედეგია. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ა-ის მიერ, გერმანელ მკვლევართან, ლ. ბერგემანთან ერთად, 2009 ამსტერდამ-ფილადელფიაში გამოცემული იოანე პეტრიწის კომენტარები პროკლეს „თეოლოგიის საფუძვლებზე“, ვრცელი გამოკვლევით და შენიშვნებით. ა-ის კვლევის სფეროებია: ანტიკური ნეოპლატონიზმი; პლატონიზმის ისტორია (განსაკუთრებით ონტოლოგიური, ეპისტემიოლოგიური და ეთიკური ასპექტების ურთიერთმიმართება); პეტრიწის ფილოსოფია; ორფიზმის ნეოპლატონური ინტერპრეტაცია; ანტიკური ფილოსოფიის გავლენა შუა საუკუნეებისა და რენესანსის ფილოსოფიაზე, მ. შ. ბიზანტიურ და ქართ. ფილოსოფიაზე; პატრისტიკის ფილოს. ასპექტები.
ა-ის კვლევის თემატიკა მოიცავს შემეცნების საკითხებს, სულისა და გონების პრობლემებს, ინდივიდუალური სულის ღვთაებრივ საწყისთან მიმართებას, ინტელიგიბელურისა და სხეულებრივის თავისებურებებსა და ურთიერთქმედებას, განგების, ბედისწერის, ნების, თავისუფლების პრობლემებს. საინტერესოა აგრეთვე მისი რეცეფცია და ინტერპრეტაცია შუა საუკუნეების (მ. შ. ბიზანტიურ და ქართულ ტრადიციაში), რენესანსისა და, მეტ-ნაკლებად, შემდგომი ეპოქების ფილოსოფოსებთან. ა-ის კვლევა ფოკუსირებულია, ძირითადად, შემდეგ ფილოსოფოსებზე: იოანე პეტრიწი, პლოტინი, პორფირიოსი, იმპლიქოსი, პროკლე, დამასკიოსი, ფსევდო-დიონისე არეოპაგელი, გეორგიოს გემისტოს პლეთონი და სხვა.
ა. ავტორია მონოგრაფიებისა: „იოანე პეტრიწი და ანტიკური ფილოსოფია“ (2008); „ნეოპლატონიზმი თავისუფლებისა და ნამდვილი მე-ს ძიებაში“ (2019). თარგმნა და გამოსცა პლატონისა და ნეოპლატონიკოსების რჩეული შრომები: „პლატონი. მეშვიდე წერილი“ (2011); „ნეოპლატონური ფილოსოფია: პლოტინი და იამბლიქოსი“ (2009); „პორფირიოსი. ამოსავალი პრინციპები გონითი სინამდვილისთვის: ‘სენტენციები’“ (2013). გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიკაცია საქართველოში და საზღვარგარეთ.