ასათიანი ლევან ნიკიფორეს ძე

ლ. ასათიანი

ასათიანი ლევან ნიკიფორეს ძე (12. VII. 1900, თბილისი, – 14. V. 1955, იქვე), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი. დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1927).

იყო ჟურნ. „მნათობის“ პასუხისმგებელი მდივანი (1932–34, 1938–39, 1943–46), რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1949–55). ა. იკვლევდა როგორც ძვ., ისე ახალი ლიტ-რის საკითხებს. მისი ერთ-ერთი პირველი გამოკვლევა იყო „მანანა“ (1927);

განსაკუთრებით საყურადღებოა მისი ნაშრომი „ვოლტერიანობა საქართველოში“ (1927, 1933); მნიშვნელოვანია -ის „ძველი საქართველოს პოეტი ქალები“ (1936), რ-შიც ავტორმა შეიტანა ქართ. მწერლობის მანამდე უცნობი ნაწარმოებები: ქეთევან დედოფლის ელეგიური ლექსი „ანბანთქება ფისტიკაური“, მარიამ-მაკრინეს, მანანას, სალომეს, მაია გაბაონის და სხვათა ქმნილებები. -ის ვრცელ მონოგრაფიაში „ცხოვრება აკაკი წერეთლისა“ (1940, 1965) მოცემულია აკაკის მდიდარი ლიტ. მემკვიდრეობის ღრმა ანალიზი. მას ეკუთვნის აგრეთვე ლიტ. ნარკვევების მთელი სერია, რ-თაგან აღსანიშნავია „დავით გურამიშვილი – პრუსიასთან ომის მონაწილე“, „პუშკინი და ქართული კულტურა“, „ბერანჟე ქართულ ლიტერატურაში“, „მაიაკოვსკი და საქართველო“.

საინტერესოა მისი ლიტ. პორტრეტების ციკლი, რ-შიც დახატულია ა. ჭავჭავაძის, გ. ორბელიანის, ვაჟა-ფშაველას, ა. ყაზბეგის, დ. კლდიაშვილის, გ. ტაბიძის, ვ. გაფრინდაშვილისა და სხვათა შემოქმედებითი პორტრეტები. -მა შექმნა ასევე მხატვრული ნაწარმოები – დრამ. ქრონიკა ი. ჭავჭავაძის ცხოვრებიდან „წიწამურის გზა“ (1963), რ-შიც მთელი სისრულით და სიღრმით წარმოადგინა ილიას მოღვაწეობის ისტ. მნიშვნელობა. ეკუთვნის აგრეთვე შრომა „ქართველი ხალხის ლიტერატურული ურთიერთობანი მოძმე ხალხებთან“ (1955).

მისი რედაქციით გამოვიდა არაერთი ქართვ. კლასიკოსისა და თანამედროვე მწერლის თხზულებანი ქართ., სომხ., რუს. და უკრ. ენებზე.

თხზ.: რჩეული ნაწერები, ტ. 1 – 2, თბ., 1958–60.

ლიტ.: ნატროშვილი გ., წინაპარნი და თანამედროვენი, თბ., 1961.

გ. ნატროშვილი