ბუაჩიძე პეტრე გიგოს ძე

ბუაჩიძე პეტრე გიგოს ძე [16 (28). VI 1893, სოფ. ფარცხნალი, შორაპნის მაზრა, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპ-ი, – 5. XI. 1969, თბილისი], დერმატოლოგ-ვენეროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1937), პროფესორი (1935), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1943).

1927 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1932–35 იყო საქართვ. ჯანდაცვის სახ. კომისარიატის კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი, 1933–69 – თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის კანისა და ვენერულ სნეულებათა კათედრის გამგე. სწავლობდა ვენერულ სნეულებებს, კანის სოკოვან და პარაზიტულ დაავადებებს. ავტორია სახელმძღვანელოსი „კანისა და ვენერული სნეულებანი“ (1963). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ათაშანგი ანუ სიფილისი, თბ., 1959; პათოგენური დერმატომიკოზები, თბ., 1964 (თანაავტ. ნ. აბაშიძე); Syphilitische Rhinitis bei Kaninchen, «Zeitschrift für Hals-, Nasen- und Ohrenheilkunde», 1932, Bd. 30, H. 4.