ბუდუხური ენა

ბუდუხური ენა, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ლეზგიური ჯგუფის ენა. მიეკუთვნება შაჰდაღის ქვეჯგუფს.

გავრცელებულია ძირითადად სოფ. ბუდუხში (აზერბ. რესპ., ყუბის რ-ნი). ბ. ე-ის ბგერითი სისტემა წარმოგვიდგენს იბერიულ-კავკ. ენებისათვის დამახასიათებელ საერთო ვითარებას. აქვს ხმოვანი Ⴧ, აგრეთვე უმლაუტიზებული (ზოგჯერ უ თანხმოვნის გავლენით) და ფარინგალიზებული ხმოვნები. გრძელი და მოკლე ხმოვნების დაპირისპირება არ დასტურდება. ფონეტ. პროცესებიდან აღსანიშნავია ხმოვანთა ჰარმონია. სახელს აქვს ბრუნვის კატეგორია. გამოიყოფა 7 ძირითადი ბრუნვა (სახ., ერგატივი, ნათ., მიც. I, მიც. II, მოქმ., „კუთვნილებითი“) და ლოკატიურ ბრუნვათა ფორმები. არსებითი სახელის მრ. რიცხვი იწარმოება აგლუტინაციის წესით. სახელი განარჩევს 3 (ისტორიულად – 4) კლასს; ზმნაში მხ. რიცხვში ვლინდება 4 კლასი, ოღონდ კლასთა ექსპონატები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს (ერთიანდება I და II ან III და IV კლასი). მრ. რიცხვში ჩვეულებრივ 2 ფორმაა (ერთი – I–II, მეორე – III–IV კლასისა). უღვლილება კლასოვანია (პირის კატეგორია არ გააჩნია): გარდაუვალ ზმნაში აღინიშნება სუბიექტის, გარდამავალში – პირდაპირი ობიექტის კლასი (ორსავე შემთხვევაში სახ. ბრუნვაა გამოყენებული). ჩამოყალიბებულია დრო-კილოთა სისტემა. დასტურდება აბსოლუტივის ფორმები. წარმოდგენილია წინადადების 3 კონსტრუქცია: ნომინატიური, ერგატიული, დატიური.

ბ. ე. უმწერლობო ენაა.

ლიტ.: ფ ა ნ ჩ ვ ი ძ ე  ვ., გრამატიკული კლას-კატეგორია ბუდუხური ზმნის უღვლილებში, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე», 1941, ტ. 3, № 5; მისივე, ძირითად ბრუნვათა წარმოება და ფუნქციები ბუდუხურ ენაში, «იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება», 1974, ტ. 19; Д е ш е р и е в  Ю. Д., Будухский язык, წგ.: Языки народов СССР, т. 4, М., 1967; Ш а у м я н  Р. М., Яфетические языки «шахдатской подгруппы» (предварительное сообщение), «Язык и мышление», 1940, в. 10.

ვ. ფანჩვიძე